ჰერალდიკის საბჭო პრეზიდენტის დროშაზე-პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან

region
ავტ.: region აგვისტო 3, 2020 16:31

ჰერალდიკის საბჭო პრეზიდენტის დროშაზე-პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან

ჰერალდიკის საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი შერჩევის პროცესი “დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დროშის სამი ნიმუში მოამზადა. პრეზიდენტმა კი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შტანდარტის საფუძველზე შედგენილი საპრეზიდენტო დროშის ნიმუში შეარჩია, თეთრ ველზე გამოსახული მცირე საქართველოს სახელმწიფო გერბით, რომელსაც “შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნიდა მხრიდან”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერმინები “ალამი” და “კუწუბი” დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შტანდარტის აღწერილობიდან დარჩა.

განცხადებაში წერია, რომ ყველა სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო წარმოადგენს არა პოლიტიკური კუთვნილების, არამედ სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების სიმბოლურ გამოსახულებებს. საბჭოს განმარტებით, პროცესი მხოლოდ სახელმწიფოს ინსტიტუტების ინსტიტუციურ განმტკიცებას ემსახურება.

“პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან და ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ გამტკიცებას, ამიტომ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო იმედოვნებს, რომ იგი გაგრძელდება და წარიმართება საერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის პირობებში”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 31 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საპრეზიდენტო დროშა დაამტკიცა.

“საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან”, – წერია პრეზიდენტის ბრძანებულების დანართში.

region
ავტ.: region აგვისტო 3, 2020 16:31