ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ამ სახელწოდებით ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს. ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული.
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს“.
ბრიფინგი 8 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო ძალაუფლებას აფართოებს და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევს.
ხელისუფლებამ გაყინა იმ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც დემონსტრანტებს იურიდიულ დახმარებას უწევენ, ჟურნალისტები დააკავა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოჩვენებით სასამართლო პროცესებზე დაიბარა, ხოლო შემდეგ ისინი მათი ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო დააკავა. ახლა მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა მაღალ ჯარიმებსა და ხანგრძლივი დროით პატიმრობას იწვევს“, – აცხადებს კომისია.
ბრიფინგზე სიტყვით გამოვლენ: McLarty Associates-ის მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.















