ჰელსინკის კომისიის თქმით, ქართული ოცნება ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.
კომისია მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი.
“ქართული ოცნება შავი ფულითა და ქოლცენტრების თაღლითური სქემით ცდილობს დააფინანსოს მისი ოპერაციები ოპოზიციის შესავიწროვებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს ვინ დგას ამ ქოლცენტრების უკან, რომლებიც აფინანსებენ ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ”. – წერს ჰელსინკის კომისიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელ X-ში.
აქამდე, 31 ივლისს, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ და მსოფლიო “ქოლცენტრების სქემის” წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, ე.წ. ქოლცენტრები “არის შავი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების გავრცელებად და ბოროტ პატრონაჟულ სისტემას”.
“მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სა და მეგობრულ სამართალდამცავ სააგენტოებთან კოოპერაციით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედება ამ ქოლცენტრების ქსელისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან შეაჩეროს მათი ოპერაციები.” – ეწერა კონგრესმენების წერილში.