14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა შეჩერდა

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა შეჩერდა.

ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზეა აღნიშნული, სადაც წერია, რომ ქართული ენის დაწყებით კურსზე მიღება შეწყვეტილია. ცნობილია, რომ პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და მისი შეჩერების მიზეზი საქართველოს განათლების სამინისტროსთან პროგრამის გაგრძელებასა და დაფინანსებაზე შეუთანხმებლობა გახდა

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაფინანსება პოლიტიკური მიზეზით არ გამოიყო:

„2022 წელს, სტივენ ჯონსის თაოსნობითა და განათლების სამინისტროს დაფინანსებით, ჰარვარდის უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოს შემსწავლელი პროგრამა. Endowment/ფონდის თანხა არ გამოიყო. თუ სწორად მახსოვს, 2.4 მილიონი დოლარით დაფინანსდა პროგრამა. ამის თვითმხილველი მე ვარ, ოთხი წლის მანძილზე რა საოცარი შედეგები დაიდო სუფთა აკადემიური კუთხით. რაც მთავარია, სტივენმა მოახერხა ყველა ბიუროკრატიული და ლობისტური ბარიერის გადალახვა და ჰარვარდის უნივერსიტეტი მზად იყო endowment/ფონდის შესაქმნელად თანხა მიეღო.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ არასწორად ეგონა, რომ ჰარვარდში პროპაგანდის ინსტრუმენტს ქმნიდა. ასე მაგალითად, 2023 წელს, რუსული კანონის პირველი ინიციირებისა და დარბევებისას, მაშინდელ პრემიერ ღარიბაშვილს ჰარვარდში ჩასვლა და ლექციის წაკითხვა მოუნდა, რაზეც ცივი უარი მიიღო. ამის შემდეგ იყო სტივენ ჯონსს რომ უთხრა მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჩემზე, მაგას რა უნდა ჰარვარდშიო, საერთოდ დაანებე ილიაუნისთან თანამშრომლობას თავიო და ა.შ. ჰარვარდის endowment/ფონდების საერთო ღირებულება 57 მილიარდი დოლარია. შენი 2.4 მილიონი დოლარის გულისთვის არავინ დაიზიანებს რეპუტაციას. ქოცებს იმედები გაუცრუვდათ და 2026 წელს ოფიციალური წერილი მიწერეს ჰარვარდს, რომ წყვეტენ დაფინანსებას. მიზეზად მათ შორის ეწერა ის, რომ პროგრამის დირექტორი ტენდენციური კაციაო, ესე იგი ჩვენი პროპაგანდისტი არ არისო. ამის შემდეგ, სტივენმა ჩაიცვა რკინის ქალამნები და მოიარა ქართული ბიზნესი, ვისაც ამ 10 მილიონის გადახდა შეეძლო. მათ შორის, ორივე დიდი ბანკი. არაფერი, სრულიად არაფერი… პროგრამა, ფაქტობრივად, დაიხურა. დახურვის მხოლოდ ბიუროკრატიული ნაწილიღა დარჩა გასაფორმებელი”,– დაწერა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ყიფიანი ღარიბაშვილზე: ეს რამდენიმე დღე კიდევ ერთი ილუსტრაცია და დემონსტრაციაა, რა გვჭირდება და რა არ გვჭირდება
შემდეგი სტატიაზელენსკი: კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს