ყოველთვის მხარს დავუჭერ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა არის მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დრო.
„მე და პრეზიდენტი ბაიდენი დღე და ღამ ვმუშაობთ, რადგან ახლა არის მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დრო. ნება მიბოძეთ, მკაფიოდ ვთქვა – ყოველთვის მხარს დავუჭერ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა, რადგან ისრაელის მოსახლეობამ აღარასდროს უნდა განიცადოს ის საშინელება, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით „ჰამასმა“ ოქტომბერს ჩაიდინა“, – განაცხადა ჰარისმა.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის და პრეზიდენტი ბაიდენი მუშაობენ ომის დასასრულებლად.
„ამავე დროს, ის, რაც ხდება ღაზაში ბოლო ათი თვის განმავლობაში, გამანადგურებელია. ამდენი უდანაშაულო სიცოცხლე დაკარგულია, სასოწარკვეთილი, მშიერი ხალხი უსაფრთხოების ძიებაში გარბის. ტანჯვის მასშტაბი გულმოსაკლავია. მე და ბაიდენი ვმუშაობთ, რომ ეს ომი დასრულდეს, ისრაელის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, მძევლები გათავისუფლებული, ღაზაში ტანჯვა დასრულებული და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს ღირსეული ცხოვრების, უსაფრთხოების, თავისუფლების და თვითგამორკვევის უფლებების განხორციელება“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
ისევე, როგორც პარტიის ყრილობის წინა დღეები, დასკვნითი შეკრება გარეთ პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.