“ჰამასმა ისრაელის სამხრეთში სასტიკად დახოცა ბავშვები, ქალები, მოხუცები” – IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის მიმდებარე დასახლება კფარ აზაში ჰამასის მებრძოლებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. კერძოდ, თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ჰამასის წევრებმა, თავდასხმების დროს ქალები, ბავშვები, მოხუცები “ISIS-მეთოდებით, სასტიკად დახოცეს”.

IDF-ში მოკლული ადამიანების ზუსტ რაოდენობას ვერ ადასტურებენ და მათი მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობენ.

“ჩვენ ვიცით, რა საზარელი ქმედებების ჩადენა შეუძლია ჰამასს”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

IDF ამ განცხადებით, ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო მედიის, I24-ის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ღაზას სექტორთან ერთ-ერთ დასახლებაში, სადაც ისრაელის სამხედროები შევიდნენ, მოკლული ბავშვების ცხედრები იპოვეს. მედია წერდა, რომ ნაპოვნია 40 ბავშვის ცხედარი, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებიათ.

მანამდე, ისრაელის გენერალმა CNN-ს განუცხადა, რომ კფარ აზაში ისეთი რამ ნახა, “რაც 40-წლიანი სამსახურის განმავლობაში, არასდროს უნახავს და ვერასდროს წარმოიდგენდა”.

ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
შემდეგი სტატიასოფელ ჭალეში ნუკრი კუკავას საცხოვრებელი სახლი  დაიწვა