ჰამასის მიერ ისრაელიდან ორი წლის წინ გატაცებული, ცოცხლად დარჩენილი 20 მძევლიდან 7 უკვე თავისუფალია.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა.
ისრაელში დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს გამართავს ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. დაგეგმილია მისი გამოსვლა ქნესეთში. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება მძევლების ოჯახებს. ამის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი გაემგზავრება ეგვიპტეში, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ღაზის მომავლის შესახებ სამიტში.
მძევლების გათავისუფლების მოლოდინში მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ღაზის სექტორთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ათასობით ადამიანი გამოვიდა თელ-ავივისა და ისრაელის სხვა ქალაქების ქუჩებშიც.
მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა ორი ათასამდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
ისრაელმა და ჰამასმა ღაზის სექტორში ომის დასასრულებლად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმებას გასულ კვირაში, ეგვიპტეში მიაღწიეს აშშ-ის, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის შუამავლობით.
















