„ჰამასი“ განცხადებაში ადასტურებს, რომ განიხილავს შუამავლებისგან მიღებულ წინადადებას, რომელიც ეხება „ღაზაში აგრესიის დასრულებას, [ისრაელის თავდაცვის ძალების] გაყვანას“ და ომისგან განადგურებულ ღაზას სექტორში პალესტინელებისთვის „სასწრაფო დახმარების გაწევას“.
პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ შუამავლებისგან წინადადება მიიღო და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად არსებული „უთანხმოებები დაძლიონ“.
ეგვიპტელი მაღალჩინოსნის ცნობით, „ჰამასის“ დელეგაცია წინადადების განსახილველად დღეს, 2 ივლისს, კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება.
მანამდე „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაჯგუფება მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, თუმცა არ იღებს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ წინადადებას, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათით ადრე გააჟღერა. მისივე თქმით, „ჰამასი“ თავის ძველ პოზიციაზე რჩება, რომლის თანახმადაც, ნებისმიერმა შეთანხმებამ ღაზაში ომის დასრულება უნდა გამოიწვიოს.