ჰააგის სასამართლომ კარაჯინს საპატიმრო ვადა სამუდამოთი შეუცვალა

გაეროს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ბოსნიელი სერბების ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჯინს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. Associated Press-ის ინფორმაციით, კარაჯინს თითქმის არ ჰქონია რეაქცია როცა მოსამართლე განაჩენს კითხულობდა, რომლის თანახმადაც, 73 წლის ყოფილი სერბი სარდალი თავისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ციხეში იქნება.
სასამართლომ აღიარა, რომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალიან ლმობიერია იმ “სისტემურ სისასტიკეებთან” შედარებით, რასაც ყოფილი სამხედრო ჩადიოდა. სასამართლოს დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა.

გარდა ამისა, მოსამართლეებმა არ მიიღეს აპელაცია კარაჯინის მეორე ბრალდებაზე გენოციდის შესახებ, რომელიც 1995 წელს სრებრენიცაში მოხდა. კერძოდ, მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ სარაევოს საარტილერიო სროლები, რომელიც 1995 წლის ნოემბერში 10 ათასი ადამიანის დაღუპვით დასრულდა, კარაჯინის მონაწილეობის გარეშე არ მომხდარა.
გარდა ამისა, სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა კარაჯინს სრებრენიცაში 8 ათასი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვაში.

რადოვან კარაჯინი სერბი სეპარატისტების ლიდერი იყო ბოსნია ჰერცოგოვინაში. 1992-1996 წლებში ის სერბსეთის რესპუბლიკას ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ბოსნიიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1996 წლის შეთანხმების შემდეგ კარაჯინი იძულებული იყო გადამდგარიყო და 13 წელი ძებნაში იმყოფებოდა. ის 2008 წელს ბელგრადში დააპატიმრეს, სადაც დრაგან დაბიჩის სახელით ცხოვრობდა.

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში რუსებმა სამხედროების რაოდენობა 30%-ით გაზარდეს
შემდეგი სტატიაივნიშვილი საქართველოს სახელმწიფოს აღიქვამს, როგორც პირადკორპორაციასა და ჰოლდინგს