30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

გზების მოვლა-შენახვისთვის ახალი სახელმწიფო კომპანია იქმნება — კანონპროექტი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი უფლებამოსილება მიენიჭება, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვა საკუთარ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით შეძლოს. ამ მიზნით სპეციალური სახელმწიფო კომპანიის შექმნა იგეგმება.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება განაპირობა ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბურმა ზრდამ და ტექნიკურმა სირთულემ (მრავალზოლიანი ავტომაგისტრალები, ხიდები, გვირაბები), რაც მართვის უფრო ტექნოლოგიურ, უწყვეტ და პრევენციულ მოდელზე გადასვლას მოითხოვს.

მთავრობის განმარტებით, ახალი მოდელის საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქვეყნის მთავარ სატრანზიტო არტერიაზე:

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (E60) 105-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც 138 ხიდსა და 59 გვირაბს მოიცავს. ეს მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ძირითადი კომპონენტია და მისი გამართული მუშაობა პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე.

დღემდე მოქმედი სისტემა ეფუძნება საგზაო სამუშაოების მრავალ სხვადასხვა კერძო კონტრაქტორზე გადანაწილებას. კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, ეს მოდელი სრულად ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

„არსებული მოდელი უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვის პროცესის განხორციელებას, თუმცა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის გაზრდილი საინჟინრო გადაწყვეტების პირობებში იკვეთება ოპერაციული პროცესების უფრო კოორდინირებული და ინტეგრირებული მართვის საჭიროება. მიუხედავად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებისა, არსებული მოდელი სრულად ვერ პასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას.“ — ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ახალი სახელმწიფო კომპანიის შექმნით, ხელისუფლება გეგმავს ოპერაციული პროცესების ცენტრალიზებას, რათა გზებზე უსაფრთხოებისა და მოვლის სტანდარტები უფრო მაღალ დონეზე იქნას უზრუნველყოფილი.

banner
წინა სტატიაშისანქტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შემადგენელი Арсенал-ის ქარხანა იწვის
შემდეგი სტატიასამებაში ჩვილთა 73-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა — მოინათლა 600-ზე მეტი ბავშვი