“გზა ვარდების რევოლუციიდან დღემდე არ ყოფილა ადვილი”-“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვარდების რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“გილოცავთ ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავს!
დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის, ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავია. ვარდების რევოლუციამ კორუფციასა და კრიმინალში ჩაფლულ საქართველოს ევროპული განვითარების შესაძლებლობა დაუბრუნა. 2003 წლის 23 ნოემბერს, საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის წინამძღოლობით უარი უთხრა მექრთამეობას, უმაღლეს სასწავლებლებში „ჩაწყობას“, ორგანიზებული დანაშაულის და სახელმწიფოს შერწყმას და მრავალ იმ მანკიერ მოვლენას რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის „სავიზიტო ბარათად“ იქცა.
გზა ვარდების რევოლუციიდან დღემდე არ ყოფილა ადვილი. საგარეო აგრესიისა და საშინაო სირთულეების მიუხედავად, საქართველომ კოლოსალური მასშტაბის ცვლილებები განიცადა. თუ პოლიციელის მიერ ქრთამის არაღება ან უმაღლეს სასწავლებელში კორუფციის გარეშე ჩარიცხვა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა – დღეს ეს რეალობაა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან საქართველო რეფორმების ლიდერად იქცა. წარსულს ჩაბარდა დენის გრაფიკი და 90-იანი წლებისათვის დამახასიათებელი წყვდიადი. სახელმწიფო სამსახურში მოვიდა უამრავი კომპეტენტური ახალგაზრდა, სახელმწიფო მოხელეების ხელფასი კი სიმბოლურიდან გახდა ადექვატური. ხარისხობრივი ნახტომი განიცადა ქვეყნის ინფრასტრუქტურამ. აღმოიფხვრა კრიმინალის ქრონიკული თარეში, დავიწყებას მიეცა დრო როცა საღამოს საათებში ქუჩაში გასვლა არ იყო უსაფრთხო. საქართველომ განამტკიცა თავდაცვისუნარიანობა, შექმნა ჯარი და პოლიცია. ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობათა ვრცელ ნუსხაში განსაკუთრებულ ადგილი უკავია აჭარის გათავისუფლებას ასლან აბაშიძის კრიმინალური პრო-რუსული რეჟიმისგან.
საზოგადოების დაკვეთით გატარებულმა რადიკალურმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოქალაქეთა მდგომარეობა და, ამავდროულად, ქვეყანას სახელი გაუთქვა საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო იქცა კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების სინონიმად. საქართველოს უსმენდნენ საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი აქტორები; საქართველო გახდა ნატოს წევრობის კანდიდატი და რეალურად დაბრუნდა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე.
ვარდების რევოლუციის იდეალები დღესაც ძალაშია. სწორედ ამ რეფორმებმა გახადა შესაძლებელი, რეგიონის ისტორიაში პირველად, ხელისუფლების გადაცემა არჩევნების გზით. მიუხედავად იმისა რომ 2012 წლის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა სფეროში მნიშვნელოვანი უკუსვლა აღინიშნება, ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა იმდელად ძლიერია რომ საქართველო წარსულში აღარასდროს დაბრუნდება. ვარდების რევოლუციის რეფორმების წარმატებულობაზე მეტყველებს ის რომ ამ უკუსვლის მიუხედავად საქართველო მაინც რჩება რეგიონის ლიდერად ინსტიტუციური მდგრადობის და კორუფციის დაბალი მაჩვენებლების თვალსაზრისით.
ვარდების რევოლუციამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ევროპულ განვითარებას მტკიცე ფუნდამენტი ჩაუყარა. მტკიცედ გვწამს, რომ საქართველო საბოლოოდ მიაღწევს იმ მიზნებს რომლებიც ყველას გვაერთიანებდა – ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას, სრულფასოვან ლიბერალურ დემოკრატიას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ასევე გვჯერა რომ ჩვენი ქვეყანა მიაღწევს იმ მიზნებსაც რომელთა მიღწევა ვარდების რევოლუციის შემდეგ ვერ მოხერხდა, მათ შორის სრულფასოვნად დამოუკიდებელ სასამართლოსა და შეკავებისა და გაწონასწორების მტკიცე მექანიზმების ჩამოყალიბებას.
გილოცავთ ვარდების რევოლუციის მე-13 წლისთავს!”,- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ რამსფელდი: საქართველოს NATO-სკენ გზაზე ბარიერები უნდა მოეხსნას
შემდეგი სტატიალევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცეს