“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა და პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და მის “ქართულ ქარტიას” გამოეხმაურა. ხოშტარიას თქმით, კოალიციას აქვს სრული და უპირობო მხარდაჭერა ქარტიის მიმართ და მისი შინაარსი მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება.
“კოალიცია ცვლილებისთვის სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება ქართული ქარტიის მიმართ. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ნდობა და სიტყვის ერთგულება, არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ზოგადად სამართლიანი, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობით, ამიტომ ჩვენ ვრჩებით ამ შემთხვევაში ჩვენი სიტყვის ერთგული, გარდა ამისა, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც იმყოფება ქართული საზოგადოება და მათ შორის პოლიტიკური სპექტრი და ჩვენ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუყურებთ.
პირველი, ქარტია შეგვიყვანს ჩვენ ევროპაში, დაგვაბრუნებს ევროპის გზაზე და გაგვხდის იმ მშვიდობისა და განვითარების სივრცის ნაწილად, რომელსაც საქართველო იმსახურებს, მეორე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ქარტიაში აღნიშნულ ხელისუფლების ფორმირების პრინციპს. ეს არის არაპარტიული პრემიერმინისტრი, დროებითი, კონკრეტული მანდატით და ამოცანებით, ევროპასთან შეთანხმებული მათ შორის, შეზღუდული დროებითი მმართველობა და ეს არის ძალაუფლების კონტროლი, მათ შორის ძლიერი სასამართლოს მხრიდან. შემდეგი ეს არის სამართლიანი არჩევნები, რომლის მომზადებაც იქნება მთავარი ამოცანა ჩვენი კოალიციური მმართველობის, რომელიც დააბრუნებს ჩვენ საზოგადოებას ფუნდამენტურ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბოლოს, ეს არის რუსული კანონის და ყველა იმ რუსული კანონების, რუსული რეპრესიული ინსტრუმენტების გაუქმება, რომელიც ჩამოაყალიბა ქართულმა ოცნებამ”, – თქვა ელენე ხოშტარიამ.