“გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“ (იოან. 11,50)

“გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს“ (იოან. 11,50) – ამბობს კაიაფა. განაჩენი უკვე გამოტანილია: “იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი“ (იოან. 11,53).

ყველა სიმართლის გზაზე მოსიარულე ქრისტიანი, რაღაც დოზით მაინც, აუცილებლად გაიზიარებს იმ რეპრესიულ ხვედრს, რაც მაცხოვარმა იტვირთა.

ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაშიც ანალოგიურ ტენდენციებს აქვს ადგილი. თანაც ყველაფერი ძალიან თვალშისაცემი და აშკარაა. საქართველოს საპატრიარქოს ჩრდილოვანი დირექტივის საფუძველზე სურს დასაჯოს ყველა ის პირი (სამღვდელო თუ საერო) ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ემხრობა, ვინც არ არის რუსიფიქატორი და ვინც კომპეტენტური სპეციალისტია საღვთისმეტყველო სფეროში, მითუმეტეს დასავლური გამოცდილებით.

სწორედ ამ მტარვალი იდეოლოგიური მანქანის რეჟისურაა თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, სადაც, დიდწილად შერჩევითი დამოკიდებულება, ცენზურა, “ფეის კონტროლი”, ნეპოტიზმი და პროტექციების წესით ადამიანთა მიღება-აღზევება-დაწინაურებაა გამეფებული, რის საილუსტრაციოდაც თუნდაც ის ტრაგიკომიკური ფაქტიც გამოდგება, როცა ე.წ. “სამეცნიერო საბჭოში” არცერთი რეალური ღვთისმეტყველების დოქტორი არ შედის, არამედ ძირითადად მხოლოდ ის კონტინგენტი, რომელთაც არც მეტი არც ნაკლები – რამდენიმე წლის წინ საჩუქრად ერგოთ რუსეთის გავლენიანი მიტროპოლიტისგან (ილარიონ ალფეევი) თეოლოგიის დოქტორის წოდებები, თანაც ისე, რომ არცერთ მათგანს შესაბამისი რანგის ნაშრომი, მისი ხელმძღვანელი, რედაქტორი, კორექტორი, წყაროები და ოპონენტი, რომ არ მოეპოვება ბუნებაში (ზოგიერთმა მათგანმა “მრწამსიც” კი არ იცის ზეპირად). ასეთი პრეცედენტით თავად “დიპლომების თოვლის ბაბუა” ილარიონ ალფეევიც კი გაკვირვებული იყო, როცა მას მუხლმოდრეკილი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ყველასათვის პროფესორის წოდების საჩურად გადაცემა სთხოვეს დაჩქარებული, ექსტრემალური თუ ფორს-მაჟორული წესით, რაზედაც რაღა თქმა უნდა უარი არ თქვა, ასეთი მაკომპრომატირებელი ლუკმის შემხედვარემ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წარმატებით გამოიყენებს საკუთარი მოკავშირეების შანტაჟირებისა და მათივე დისკრედიტაციისათვის.

ამრიგად, მოცემულობა ამგვარია: გულმოწყალებით დასაჩუქრებულ “ინტელექტუალებთან” ერთად “მეცნიერ პედაგოგთა კოლეგიაში” ერთიანდებიან ფილოლოგები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ანთროპოლოგები და ფსიქოლოგები, ანუ მხოლოდ და მხოლოდ მეტ-ნაკლებად მონათესავე დარგის სპეციალისტები და არა საკუთრივ პროფილური განათლების მქონე სწავლულები, ანუ ყველა, გარდა სახელდობრ კვალიფიკაციითა და პროფესიით თეოლოგებისა. ასეთი კი სულ სამი გვყავს: მამა ალექსი ქშუტაშვილი, თეიმურაზ ბუაძე და გოჩა ბარნოვი. ნიშანდობლივია, რომ არცერთი მათგანი აღნიშნულ საბჭოში არ მიიღეს. მიზეზი ერთადერთია – ისინი მონური სულისკვეთების კონფორმისტები და შეურაცხადი რექტორის (პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე) ფეხქვეითები ვერ გახდებოდნენ. დიახ, ცინიზმის აპოგეასთან გვაქვს საქმე და ეს ჩვენი თანამედროვე სინამდვილეა!

ამჟამად კი, იქ არსებულ განუკითხაობასა და ანომალიურ ვითარებას დღევანდელი “სამეცნიერო საბჭოს” ახლანდელი განცხადებაც იოლად ამხელს და აშიშვლებს, სადაც აშკარად იკვეთება ანტაგონისტური, მოტივირებული თუ ჩასაფრებული პოზიცია რექტორისა და მისი ამფსონების მხრიდან – ბატონ გოჩა ბარნოვის მისამართით, როცა კონსტიტუციით, წმინდა წერილითა თუ სჯულის კანონით მინიჭებულ უფლებას – გამოთქვას თავისუფალი აზრი და პოზიცია (მით უფრო როცა ის არ მოდის სწავლებით და ეთიკურ წინააღმდეგობაში ჭეშმარიტებასთან) ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მკაცრად უკრძალავენ და ღვთივბოძებული უფლების აღკვეთას ცდილობენ. ის რაც უფალმა მას მისცა (არჩევანისა და გამოხატვის თავისუფლება) მათ სურთ რომ შეზღუდონ, რაც ძალზე ფატალურად დამთავრდება მოძალადე ავტორიტარებისთვის!

“უგალავნო დანგრეული ქალაქია კაცი, რომელიც თავის სულს ვერ იოკებს” – ამბობს ბიბლია (იგ. 25,28) და სწორედ ასეთივე ნანგრევებს განასახიერებს სასულიერო სემინარია-აკადემიის კედლები, რომელიც თავად რექტორ ზვიადაძის შინაგანი მდგომარეობის პროექციაა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ორი დეკანოზის – ბიძინა გუნიასა და შალვა კეკელიას ინტერპრეტირებული ჩვენებები და ცილისმწამებლური რიტორიკა, რაც პრინციპში საფუძვლად გასდევს მათსავე მრავალწლიან კარიერასა და ფინანსურ სარგოს.

ლევან გოთუა თავის დიდებულ ნაწარმოებში – “გმირთა ვარამი”, წერდა: “ხეს უთქვამს ცული ვერაფერს დამაკლებდა შიგ, რომ ჩემიანი არ ერიოსო”, და სწორედ ამ ფრაზის მტკივნეულობაზე მინდა ყველა იქ მყოფი პედაგოგის სინდისის ყურადღება მივაპყრო მეგობრული რჩევით და მოვუწოდო თითოეულ მათგანს საკუთარი კოლეგის სოლიდარობისაკენ, რამეთუ გულგოროზი რეჟიმი პოტენციურ მსხვერპლად მოიაზრებს ყველას, ვინც იქ მოღვაწეობს.

ფილოლოგებმა მაინც არ უნდა დაივიწყონ დიდი ქართველი კლასიკოსის სიტყვები ვეფხისტყაოსნიდან: “ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!” დიახ, პირუთვნელი, წესიერი და ობიექტური საზოგადოების მეხსიერებაში ცუდად დაილექება თქვენი ინდიფერენტულობა და პასიურობა, იმ ფონზე, როცა თქვენს თანამშრომელს არ ექომაგებით, რომელიც მარტო იმიტომ ისჯება რომ სტუდენტებს უანგაროდ აგზავნის უცხოეთში და საქართველოს სამომავლო პერსპექტივაზე ზრუნავს. ამას ვერ პატიობენ მას და კიდევ იმას რომ იგი ზოგიერთებივით ფე ეს ბეს მსახური არ არის! ამიტომ ეს სადამსჯელო აქტი, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სუიციდი მავანთათვის.

ასეა ეს, გნოსეომაქიის ერესში დანთქმული ბოღმა, ობსკურანტული სული და იზოლაციონიზმი საბოლოოდ თავად ამ დილეგის ამწყობებს გამოამწყვდევს ოთხ კედელში და არა მათგან დევნილ ადამიანებს! გოჩა ბარნოვის გაძევებით, კიდევ ერთი ინტელექტუალური რესურსი გამოაკლდათ თავად აგრესორებს!

უბრალოდ ერთი რამ სახეზეა: სასწავლებელში საგანმანათლებლო შიმშილი აქვთ “ერუდირებულ” კანიბალებს და ახლა უკვე ყველაზე გამორჩეული წევრების ლიკვიდაცია-შეჭმა დაიწყეს!..

ისმის კითხვა: როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ფსიქოზი და გესტაპოსეული წნეხი ადამიანებზე? ნაცვლად იმისა, რომ საკუთრივ პრობლემებს მიხედონ, პრობლემის დამნახავს ებრძვიან. არადა პრობლემის სათავეა დასაჯაბნი და არა მისი გამჟღერებელი, მაგრამ ამის აღიარებას ღირსება, სულიერება და სინდისიერება სჭირდება რაც კარიერისტ პროფანებს არ გააჩნიათ!

სირცხვილი ნეოჩუდეცკი-ზვიადაძეს და მის კონსპიროლოგიურ ჯგუფს!

სოლიდარობა ბატონ გოჩა ბარნოვს!

გიორგი ტიგინაშვილი

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული დ.ღ.-ს ადვოკატის თქმით, პროკურორებმა საქმეზე სათანადო მტკიცებულებები არ მოიპოვეს
შემდეგი სტატია“ამაზონის” დამფუძნებელი ტაბლოიდ National Inquirer-ს შიშველი ფოტოებით შანტაჟში ადანაშაულებს