გვექნება სრული შესაძლებლობა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები კანონპროექტში ავსახოთ

გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვენეციის კომისიაში კრიტიკული დასკვნის გაგზავნასაც.

„სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც შეუძლიათ საკუთარი მოსაზრებების გაგზავნა ვენეციის კომისიაში, თუმცა, ვენეციის კომისია ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდებით ამ დასკვნას და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ დასკვნის გათვალისწინებით.

გვაქვს საშუალება მეორე მოსმენამდე გავითვალისწინოთ ყველა ის შენიშვნა, რომელიც იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის მხრიდან. უფრო მეტიც, ჩვენ ორი კვირით გადავწიეთ კანონპროექტის განხილვა სწორედ იმის გამო, რომ ველოდებით ვენეციის კომისიას. გვექნება სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ავსახოთ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საბოლოო ჯამში, კანონპროექტში. ამიტომ, აქ სპეკულაციებისთვის რეალურად სივრცე არ არის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეების შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტზე ვენეციის კომისიას შენიშვნები გადაუგზავნა. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას.

banner
წინა სტატიაშიპირობა დადებული გვაქვს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ჩვენს კანონპროექტში სრულად ავსახავთ
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივნისგან ძალიან მკაფიო მხარდაჭერის მესიჯები იყო