გვარამიასთვის წარდგენილი ბრალი – საია-ს თავმჯდომარე შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობს

ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე ეხმაურება. სალაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ პროკურატურის მიერ დაწყებული ნებისმიერი გამოძიება შერჩევითი მართლმსაჯულების დემონსტრირება იქნება.

სალაძე განმარტავს, თუ რატომ ფიქრობს, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების მაჩვენებელი იქნება საგამოძიებო უწყების ქმედება. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს მაგალითად დვალი-აქიმიძის საქმე მოჰყავს, რომელთა განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე ბოლომდე არ მიუყვანია.

„ორიოდე სიტყვას ვიტყვი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შესახებ. სანამ პროკურატურა – “რუსთავი 2″-ის დამფუძნებლების: ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადების საფუძველზე, 2012 წლის დეკემბერში დაწყებულ გამოძიებას არ მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე, მანამ რასაც პროკურატურა გააკეთებს, შერჩევითი მართლმსაჯულების დემონსტრირება უფრო იქნება (სხვა რომ არაფერი ვთქვათ) ვიდრე კანონის უზენაესობის დაცვა”, – ამბობს სალაძე.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე არის პროკურატურაში დაბარებული.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“მოვითხოვთ განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას” – ოქრუაშვილის ადვოკატი
შემდეგი სტატიაგვარამიას საქმის მოსამართლეს უვადო მოსამართლეობა სურს – ქოჩიაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უსმენენ