გვარამია: უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულეტეტების სახელმძღვანელოებში, როგორი არ უნდა იყო მოსამართლე

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ადვოკატები ჩხიკვაძის აცილებას მისი ბავშვობის მეგობრის, ზაზა გველესიანის გამო ითხოვდნენ, რომელიც საქმეში დაზარალებული „რუსთავი2″-ის ჰოლდინგის დირექტორია.

ნიკა გვარამიას თქმით, პრობლემა დაზარალებულთან მოსამართლის კომუნიკაცია და მეგობრობაა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განმარტებით, ის საქმეს სიამოვნებით აიცილებდა, თუმცა, აღნიშნულისთვის მხოლოდ მოსამართლის განწყობა არ არის საკმარისი.

„გულწრფელად გეტყვით, პირობითად სიამოვნებით ავიცილებდი საქმეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მოსამართლის განწყობა და პიროვნული დამოკიდებულება საქმისადმი, ეს არის ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები, რაც მკაცრად არის გაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში.

რაც შეეხება საკითხს, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობა, ჩემი მოსაზრებაა, რომ დაცვის შუამდგომლობა გაბუტული პოზიცია იყო. თითქოს სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო მტკიცებულებების უდაოდ ცნობის ფაქტში. დაცვის მხარის მხრიდან ამ მოცემულობის უტრირება, რომ სასამართლომ წაართვა მტკიცებულებების გამოკვლევა ნამდვილად არ არის ასე.

არ ვფიქრობ, რომ თქვენი პოზიციით მთელი საზოგადოების აზრს გამოხატავთ. იურიდიულ წრეებში ცნობილია ჩემი საქმიანობა და მიღებული გადაწყვეტილებები, ფაქტების ინტერპრეტირებით არ უნდა შევქმნათ არასწორი მოლოდინები, საზოგადოება თავად განსჯის რა ნიშნები შეიძლება არსებობდეს მოსამართლის მიუკერძოებლობაში.

სწორედ საქმის მასალებიდან გამომდინარე სასამართლოს მხრიდან ზაზა გველესიანზე განმარტების გაკეთების საკითხი არც სამართლებრივ და არც მორალისტური თვალსაზრისით არ იდგა, სასამართლო არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს საქმეში არსებულ პირებთან მიმართებით თუ ის არ არის დაზარალებული, ბრალდებული, ან არ წარმოადგენს მხარეს”,- განაცხადა ჩხიკვაძემ.

“რომ არ აიცილა ეს ცალკე საკითხია, დასაბუთება იყო სრულიად გამაოგნებელი, უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულეტეტების სახელმძღვანელოებში როგორი არ უნდა იყო მოსამართლე აცილების შუამდგომლობის განხილვის დროს. მთავარი შედეგი, აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე და არა პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ვინმე ზაზა გველესიანი, რომელიც არის რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და რუსთავი 2 ყოფილა ჩემი სასამართლო. რუსთავი 2-ის დირექტორობიდან უკანონოდ გამათავისუფლეთ და რუსთავი 2 გადაიქცა ჩემ ბრალმდებლად. პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი. ეს აღმოჩნდა დღეს და რანაირად შეიძლება მე ამ ადამიანებს ვენდო.

მთავარი ინტერესი დღეს, რომ მთავარი არხი არ არსებობდეს და მე ციხეში ვიყო, აქვს რუსთავი 2-ს, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია რბილად რომ თქვათ, მთავარი არხის არსებობის გამო და მთავარი ინტერესი, რომ მე პატიმრობაში ვიყო არამხოლოდ ამის გამო, არამედ ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ ჩემგან, ჩხიკვაძის განაჩენით დადგენილი ფაქტებით, რომელიც უტყუარად უნდა იქნეს მიღებული სამოქალაქო სასამართლოს მიერ, აქვს ზაზა გველესიანს, რომელიც ჩხიკვაძისვე უახლოესი მეგობარია,” -თქვა ნიკა გვარამიამ

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად პარტნიორებთან ერთად აქტიურ ჩართულობას
შემდეგი სტატიახვალ ოპოზიციის წარმომადგენლები, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მივლენ