გვარამია – რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას ძალადობა არ განხორციელებულა

ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაყვანისას ძალადობა არ განხორციელებულა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად გამოიყურება.

„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. სააკაშვილი ძალიან დაუძლურებული იყო, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს ეტლში. მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. როგორც მითხრა, მიხვდა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა, უარესი დამართნოდა, რის გამოც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რომ „სააკაშვილი ქართული პენიტენციური სისტემიდან გაიყვანონ“.

„ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით. ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან, იქნება საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება. გაყვანა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გაძლიერებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით
შემდეგი სტატიაცუდად თუ გახდები გზაში, გადაგიყვანთ გლდანშიო – მიხეილ სააკაშვილს გორიდან გადაყვანისას დაემუქრნენ