გვარამია ფრესკების წებოვანი ლენტით დამაგრებაზე – ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გუშინ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს, რომ კომპეტენტურ ორგანოებთან კომუნიკაციის მიუხედავად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მიიღეს.

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ ჩვენ რესტავრაციის სპეციალისტები არ ვართ და მსგავს ფაქტებში ექსპერტიზა და საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია.

“გუშინ ჩვენი არხით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოც, რომ გელათში ფრესკები დაწებებულია წებოვანი ლენტით. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ფაქტის კონსტატაციის სახით, თუმცა გელათში შექმნილი ზოგადი მდგომარეობის ნეგატიური კონტექსტის გათვალისწინებით, შეიძინა მკაფიოდ ნეგატიური კონოტაცია.

ჩვენ არ ვართ რესტავრირების სპეციალისტები და არ გაგვაჩნია მსგავს ფაქტებში ექსპერტიზა და საკმარისი ცოდნა. მივმართეთ ამ საკითხზე კომპეტენტურ ორგანოს და ვერ მივიღეთ ვერანაირი პასუხი ვერც ამ კონკრეტულ საკითხზე და ვერც გელათში შექმნილ ვითარებაზე ზოგადად.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ლენტები გამოიყენება სარესტავრაციო საქმეში და შესაძლოა გელათშიც ეს იყოს მათი დანიშნულება. მოხარული ვიქნებით, თუ ეს ასეა და მივიღებთ ამის თაობაზე შესაბამის დადასტურებას კომპეტენტური ორგანოსგან და ასევე განმარტებებს ექსპერტებისგან”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი