გვარამია – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ძალიან მხნედ გამოიყურება

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მე პირადად განსაკუთრებული ცვლილებები ვერ შევნიშნე, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს შიგნით პროტესტი აქვს, რადგან მან უსმინა ყველაფერს, რაც ჩვენი და სხვა არხების ეთერში გადიოდა და, შესაბამისად, აქედან გამომდინარე დღეს განცხადება გაავრცელა. ის ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი ჯანმრთელობის პირადი მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც მისი უფლებების ძალიან მძიმე დარღვევას წარმოადგენს. მინდა ყველა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილური და ძალიან ნორმალურია. ცვლილებები კომუნიკაციის დროს ჩვენ ნამდვილად არ შეგვინიშნავს. როგორც პირველად ვნახე შიმშილობის დაწყების შემდეგ, ზუსტად იგივენაირად დამხვდა.

ის ძალიან მხნედ გამოიყურება, ცოცხალია და სიკვდილს ნამდვილად არ აპირებს. ის ელოდება თავისუფლებას, რომლიც მომტან ძირითად საშუალებად მას არჩევნებში გამარჯვება მიაჩნია. მან საკუთარ მომხრეებს შემოუთვალა, რომ თუ მასზე ზრუნვა სურთ, ეს არ არის წინასწარ გლოვა, არამედ არის არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა, რაც დამოკიდებული იქნება მისი მომხრეების მონდომებაზე, ენერგიულობასა და ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წინა სტატიაში“თავისუფლება მიშას” – პეტიციას ხელი მეუფე მელქისედეკმაც მოაწერა
შემდეგი სტატიამაბრალებენ ყველაფერს – ბათუმში ნგრევის საქმეზე დაკავებული მუშა