28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

გვარამია: მაინტერესებს, თელავში პოლიცია არ არის? არც შეწუხებულმა ტურისტებმა, არც მექორწილეებმა და არც სასტუმრომ არ გამოიძახა?

მე მაინტერესებს, თელავში პოლიცია არ არის? არც შეწუხებულმა ტურისტებმა, არც მექორწილეებმა და არც სასტუმრომ არ გამოიძახა? მთვრალ რუსებს (სქესის მიუხედავად) რომ პოლიცია (მით უმეტეს, ქართული) ფეხებზე კიდიათ, ეგ გასაგებია – ბარბაროსული სახელმწიფოდან არიან. ქართველებს რომ პოლიცია ფეხებზე გვკიდია და მარტო დარბევა-დაჭერებთან და რეპრესიებთან ასოცირდება, აი ეგ საერთოდ არ უნდა გვეკიდოს და ვისი ბრალია, კი ვიცით,- წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

,,ამ ინციდენტში ჩემთვის ესაა სწორედ ყველაზე დამაფიქრებელი: ის დაიკარგა, რაც ძლივს მოპოვებული გვქონდა – პოლიციაში დარეკვის ჩვევა, როცა პროვოკატორობს ვინმე (და რუსი ტურისტები პროვოკატორობდნენ, გნებავთ, ხულიგნობდნენ) ან ფიზიკური დაპირისპირების დიდი რისკია.
პოლიციაში დარეკვა ისევ ჩაშვებაა. პოლიციის მიმართ ნდობა ისევ ნულოვანია და მოქალაქეებს პირადი ანგარიშსწორების იმედი უფრო აქვთ. ვერც იმაში იქნები დარწმუნებული, რომ რუსების სასარგებლოდ არ გადაწყვეტენ ნებისმიერ ექსცესს, რადგან ასეთია ამ ქვეყანაში დაუწერელი კანონი: რუსი ყოველთვის მართალია.
ქალებისთვის ცხვირის მოტეხვა ნორმალიზდა ყველაზე მაღალი განათლების და სამოქალაქო კულტურის ხალხისთვისაც კი, რუსები ისე გვეზიზღება (და სამართლიანად), იმდენი არიან და ისე საძაგლად და დამამცირებლად იქცევიან. ეს არანაკლებ ცუდი ამბავია (რა რაციონალიც არ უნდა მოვიშველიოთ არგუმენტად), ვიდრე პოლიციის ნდობის გაქრობა საზოგადოებაში.
რუსი ტურისტების ცემა გამოსავალი არაა, მით უფრო ქალების. რუსი ტურისტი და რუსეთი თუა შენი არჩევანი, ყოველთვის ის მოხდება, რაც თელავში, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არც საშუალო სტატისტიკური რუსი შეცვლილა და არც რუსული სახელმწიფო.
აი ჩვენ კი შევიცვალეთ: საბჭოთა იმპერიის მთავარი მესაფლავეებიდან, ისევ რუსების რესტორნების და ცეკვათამაშის ქვეყანად ვიქეცით. და სადაც ცეკვა-თამაში და ჭამა-სმაა, იქ სერიოზული და მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება, სულ ცხვირების მოტეხვა იქნება, სულ “გაასხმენ” ხოლმე შეზარხოშებული ქართველი კაცები (სიფხიზლეში ცუციკები რომ არიან), სულ გაარჩევს ხოლმე დაბეჩავებული საზოგადოები ამ ინციდენტებს და გულს მოიოხებს, რადგან ამაზე მეტი რა ქნას ან არ იცის, ან არ შეუძლია, ან ორივე ერთად”
– წერს გვარამია.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: „რესპუბლიკელებმა“ რუსეთის სანქციების კანონპროექტს ირანი უნდა დაამატონ
შემდეგი სტატიანინი ბადურაშვილი: ქალზე ხელის აღმართვა, მიუღებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია