25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გვარამია კობახიძის განცხადებაზე: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა ქმედება, რომელიც არღვევს კონსტიტუციასა და დასავლურ სანქციებს

„დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტი, ბენზინი შედის. მისი განმარტებით, საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესის ინიციატივით, რაც შესაბამისობაშია ოკუპაციის შესახებ კანონთან.

საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ზოგადად კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უშუალო, არაავტორიზებული გზებით და ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კონკრეტული დარღვევებისთვის. თუმცა კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, როგორც წესი, ჰუმანიტარულ მიზნით და მთავრობის მიერ ავტორიზაციით.

შესაბამისად, საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წინასწარ ნებადართულ ქმედებასთან, რისი საფუძველიც და თანხმობის მიცემის დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია.

იმ ვითარების გათვალისწინებით,

რომ რუსული საომარი მანქანა მწვავედ განიცდის საწვავის დეფიციტს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები, რომ ივანიშვილის რეჟიმი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხაზგასმულად და მიზანმიმართულად მიუთითებს რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითვლება კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად, ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას მისთვის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტის მიწოდების გზით.

დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, რომელი ბიზნეს სუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი.

კონკრეტულად ვინ და როდის, და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალaატს“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

banner
წინა სტატიაში2025 წელს მართვის მოწმობაზე ქულები 560 მძღოლს ამოეწურა
შემდეგი სტატიანიკა ჩერქეზიშვილი: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება — კომპანია პირობას მეოთხედ არღვევს, ჯარიმა კი სასაცილოა