„არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ მაგალითად, მას შესთავაზებენ პრემიერ-მინისტრობას ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იზამს,“ – ამ განცხადებას “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას აკეთებს.
გვარამიას თქმით, გახარიას პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.
მე, რასაც ვუყურებ, ქოცების, ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი გრავიტაციის ცენტრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის პრობლემა ექნება ყველას, (გახარიასაც), გახარია 5 პროცენტს ქვემოთ არის. წარმატებას ვუსურვებ მას, თუ ის ბიძინა ივანიშვილის მთავრობისკენ არ გადაბარგდება არჩევნებიდან შემდეგ დღეს, მანამდე ალბათ, არ გადაბარგდება, იმიტომ, რომ სჭირდება ოპოზიციური ხმები. მაგრამ მე არ ვიცი, გადაბარგდება თუ არა, თუ მაგალითად, მას შესთავაზებენ პრემიერ-მინისტრობას ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იზამს…
ჟურნალისტის კითხვაზე, გახარია შესაძლოა თუ არა, რომ დათანხმდეს ივანიშვილის კაბინეტის პრემიერობას, როცა გადადგა ნიკა მელიასთან დაკავშირებული პროცესების გამო, ამაზე გვარამია აცხადებს, რომ „ეგ არ არის მტკიცებულება იმისი, რომ არ იქნება, თუმცა რაღაც ვარაუდებს აჩენს, რომ ალბათ, არ იქნება“.
მე ახლა, მამუკა ხაზარაძეში და ბადრი ჯაფარიძეში რომ ვარ დარწმუნებული, რომ ეგრე არ იქნება, ეგრე გახარიაში არ ვარ, თავისთავად ცხადია. მე ვხედავ განცხადებებს, შინაარსებს, ვხედავ რას აწერენ ხელს და რას არ აწერენ, მე ვხედავ რატომ აწერენ და რატომ არ აწერენ, მე მაქვს ჩემი დასკვნების გაკეთების უფლება, თუმცა წინასწარ არაფერზე არ ვმსჯელობ,“ – ამბობს გვარამია.