გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, მწირი რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილდეს ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებში

გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ყველაზე უფრო დაზარალებულ ეკონომიკის სექტორებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

„ყველას კარგად გვესმის ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი და მიზანი, ეს გახლავთ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ დღეს ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, დღეს ბიუჯეტი იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის. თქვენ აქ ხართ ყველანი დღეს იმისთვის, რომ სანამ ეს ბიუჯეტი პარლამენტში წავა, წინასწარ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები“, – მიმართა მინისტრებს გახარიამ.

პრემიერმა განაცხადა, რომ არსებული კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ არაპროგნოზირებადობა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ არაპროგნოზირებადობა. ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა ეკონომიკისთვის უკიდურესად ღია ეკონომიკისათვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევა. ამიტომ, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ყველაზე უფრო დაზარალებულ ეკონომიკის სექტორებში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა პირველ რიგში, რომელიც ეხებოდა ტურისტულ სექტორს, შემდგომ სოფლის მეურნეობას, შემდგომ დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ. თუმცა, ყველას ასევე უნდა გვესმოდეს, ყველაფერი რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, ამას არაფერი საერთო და კავშირი არ აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენასთან. ეს არის ცალკე ჯგუფი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, როგორც შიდა ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისო, მაღალი დონის პროფესიონალებთან. შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ლონდონში, ნიუ იორკში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც მონაწილეობენ, კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლები. ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართული არის ქვეყნის 2021-2022-2023 წლის ეკონომიკის აღდგენაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორებსა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე შპს „ორბიტას“ დირექტორი დააკავეს