,,გვაქვს შესაძლებლობა, საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი “

გვაქვს შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს გლობალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრი და ამისთვის აუცილებელია, ყველა საერთაშორისო რეიტინგებში წამყვან ხუთეულსა და სამეულში ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამ შედეგებს მიაღწევს, თუმცა არც ერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის ქვეყანას სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას არ მისცემს.

„ყოველთვის უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანები. ჩემთვის არც ერთ საერთაშორისო რეიტინგს შედეგი არ ექნება, თუ ის საშუალებას არ მოგვცემს, დავამარცხოთ ჩვენი მეორე ყველაზე მტკივნეული გამოწვევა საქართველოში – სიღარიბე. მაგრამ სწორედ ასეთ საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლაა წინაპირობა, რომ საქართველო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გავაძლიეროთ და შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებს საშუალებას მისცემს, საქართველოში თავიანთი ლაბორატორიები გახსნან.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრებისას წამყვან კომპანიებს წარედგინა.

„ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, გახსნან თავიანთი ლაბორატორიები საქართველოში. PwC გვეხმარება, ჩამოვაყალიბოთ ეს საკანონმდებლო ჩარჩო და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის რეალიზაციის შედეგად ძალიან ბევრ წამყვან მაღალი ტექნოლოგიების კომპანიას ვიხილავთ საქართველოში შესაბამისი სამეცნიერო ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ეხმაურება
შემდეგი სტატია,,საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება”