გვანცა ყუფარაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ნონა წოწორიასა და თამარ ალიანას დაინტერესებას უკავშირებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2017 16:04

გვანცა ყუფარაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ნონა წოწორიასა და თამარ ალიანას დაინტერესებას უკავშირებს

მნიშვნელოვანი

  • ყუფარაძის ინფორმაციით, თამარ ალანიასთვის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი და ამიტომ მონაწილეობდა ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში.

სხვა სტატიები

ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე მის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ნონა წოწორიას გავლენას უკავშირებს.

ყუფარაძემ, რომლის სასარჩელო მოთხოვნები სტრასბურგმა არც ერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და მისი სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის თამარ ალანიასა და ევროსასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას კავშირებზე გაამახვილა ყურადღება.

ყუფარაძის ინფორმაციით, თამარ ალანიასთვის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი და ამიტომ მონაწილეობდა ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში.

„მე მქონდა ინფორმაცია არა ერთი სანდო წყაროსგან იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოში ნონა წოწორიასა და ძველი სახელისუფლო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის არსებობდა მჭიდრო კავშირები და თანამშრომლობა. მაფრთხილებდნენ იმის თაობაზეც, რომ წოწორიასა და ალანიას შორის არსებობდა კავშირები და სწორედ ამიტომ იბრძოდა ასე ჯიუტად ალანია ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებისთვის. თუ ამას მოახერხებდა, ჰქონდა გარანტია, რომ სტრასბურგში მას აირჩევდნენ. მე არ მჯეროდა, რომ შესაძლებელია ასეთი დონის ინსტიტუციის გავლენის ქვეშ მოქცევა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალობა სხვაგვარია. გავლენაში იგულისხმება ე.წ. ლობი, შიდაკოლეგიალური კავშირები და სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე, ნდობა წოწორიასადმი. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინა, ევროპულმა სასამართლომ კი – ყველაფერს ხაზი გადაუსვა. თამარ ალანიას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე“, – აცხადებს ყუფარაძე ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, არ აპირებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას.

„არ ვაპირებ გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას, რადგან ეს აბსოლუტურად მიუღებლად და დამამცირებლად მიმაჩნია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ევროსასამართლო უპრეცედენტო გადაწყვეტილებას მიიღებდა, მე ამას ჩემი ცხოვრების ნახევარი მივუძღვენი და აღმოჩნდა, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა. მე ვბედავ და არ ვენდობი საქართველოს არც ერთი ინსტანციის გადაწყვეტილებას და არ ვენდობი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას“, – აცხადებს გვანცა ყუფარაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 14 წლის გვანცა ყუფარაძის მიმართ, ევროკონვენციის ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლზე (არადაამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა) დაყრდნობით, ყუფარაძემ გაასაჩივრა, რომ ის სასჯელს იხდიდა ზრდასრულთა ციხეში და არა არასრულწოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში; მისი სასჯელი არ გადაავადეს მსგავსი დაწესებულების მშენებლობის დასრულებამდე. ის ასევე ასაჩივრებდა პატიმრობის პირობებს, როდესაც ციხის არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ სექციაში გადაიყვანეს, კერძოდ, საკნის გადატვირთულობას, ნესტს და გაუმართავ სავენტილაციო სისტემას. ამას გარდა, მე-6 მუხლის პირველი და მესამე (დ) პარაგრაფებზე დაყრდნობით (სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოწმეების დაკითხვის უფლება), ის აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურა უსამართლოდ ჩატარდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.

პირველი არხი გვანცა ყუფარაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს კომენტარს ვერ გააკეთებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2017 16:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


24,138
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics