გუტერეშისა და ლავროვის შეხვედრა დასრულდა – ლავროვმა მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა

რუსეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას, თუმცა უკრაინული მხარის ქცევა ამას ხელს უშლის – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის შემდეგ, სერგეი ლავროვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების მარიუპოლში გამართვაზე უარი თქვა. ლავროვი დღესაც ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებული ანტირუსული პოლიტიკის შედეგია.

“სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი, გამოიწვია ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების კურსმა, ნატოს უსაზღვრო გაფართოებისკენ, ერთპოლარული მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ და ეს ყველაფერი კეთდება რუსეთის შეკავების მიზნით. დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინაში ხდებოდა რუსული მედიის, კულტურისა და ენის აკრძალვა და ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერა. დღეს უკრაინული მხარის ქცევა მოლაპარაკებებზე დამთრგუნველია და როგორც ჩანს,მათ მოლაპარაკებები საერთოდ არ აინტერესებთ”, – ამბობს ლავროვი.

ანტონიო გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, რითაც გაეროს წესდება უხეშად დაარღვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ჰუმანიტარული დერეფნების მნიშვნელობაზე, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს.

“რუსეთის აზრით, ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, გაეროს აზრით, საქმე გვაქვს რუსეთის შეჭრასთან სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე…ჩვენ ახლა გვჭირდება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის პირობებსაც ყველა დაიცავს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება წარმატებით მოხდება. ამ მიზნით მე წამოვაყენე საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფის შექმნის იდეა, რომელშიც შევა რუსეთი, უკრაინა და გაერო. რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები”,- თქვა გუტერეშმა.

დღესვე გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება, მოსკოვიდან კი კიევში ჩავა, სადაც ასევე პირისპირ ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

banner
წინა სტატიაშინინო წილოსანი USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინის არმიას შეუძლია კრემლამდე მიაღწიოს – პუტინის ყოფილი მეგობარი