გუშინდელი განცხადებების შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, გახარიამ უნდა დატოვოს პოსტი, რაც მალე, მით უკეთესი – სალაძე

„გუშინდელი განცხადებების შემდეგ კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა გახარიამ უნდა დატოვოს პოსტი და რაც მალე, მით უკეთესი,“ – ეს განცხადება, საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ გააკეთა.

სულხან სალაძის თქმით, შს მინისტრის განცხადება, რომ 20-21 ივნისის ღამეს არაერთხელ გააფრთხილეს მომიტინგეები, რომ მათ დაშლიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვინმემ ვინმეს თუ დაუმესიჯა, რომ ახლა ვიწყებთ აქციის დაშლას, ეს არ ვიცი, მაგრამ შეტყობინება, რომ უნდა დაწყებულიყო აქციის დაშლა, ეს არ მომხდარა,“ – ამბობს სალაძე.

სულხან სალაძისთვის გაუგებარია, რატომ ესროლეს ჟურნალისტებს დარბევის დროს ან რატომ დააკავეს ის პირები, ვინც საერთოდ აქციაზე არ იმყოფებოდნენ ან სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„რა საერთო შეიძლება ჰქონდეს 40-მდე მედიის წარმომადგენლის დაზიანებას და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან პოლიტიკოსების სურვილს, რომ შეიჭრან პარლამენტში, რომ მოახდინონ შტურმი, მაშინ, როდესაც მედიის წარმომადგენლები მშვიდად, ძალიან წყნარად აჩვენებდნენ კამერებს, მიკროფონებს, ანუ მარტივად იდენტიფიცირებადი იყო, ვისთან ჰქონდა საქმეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„რა საერთო შეიძლება ჰქონდეს დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ შემხებლობაში არ იყვნენ აქციასთან. ადამიანებს აკავებდნენ არა იმის გამო, რომ იქ აქციაზე ვინმემ წინააღმდეგობა გაწია, არამედ აკავებდნენ ყველას, გარკვეულ პერიმეტრზე, ამას არაფერი საერთო არ აქვს იმ ვერსიასთან, რაზეც ბატონი გახარია საუბრობს,“ – აცხადებს სულხან სალაძე.

სულხან სალაძე შს მინისტრის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც მინისტრმა თქვა, რომ გადატრიალების მოწყობის მცდელობის შესახებ სამართალდამცავ სტრუქტურებს ინფორმაცია ჰქონდათ. სალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ თუ იცოდა ქვეყნისთვის საზიანო გეგმების შესახებ, აქციის დარბევამდე უნდა აღეკვეთათ.

„თუ მათ ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა, მარტივად შეეძლოთ ამის აღკვეთა, მით უმეტეს, წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ გავრილოვი დაიკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს იმ ფონზე, როცა მათ ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ეს წარმოუდგენელი რამ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურები არ ფუნქციონირებს,“ – განაცხადა სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა თუშეთში – ჰესის მშენებლობისას მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„ცრუობს ბატონი გახარია, ამ ზღაპრების მოსასმენად უკვე საკმაოდ დიდები ვართ“ – მშვენიერაძე შს მინისტრზე