გუშინ დავით ნარმანიას ისტერიული მცდელობა ვიხილეთ, არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ივანიშვილისთვის გადაცემაზე

გუშინ ვიხილეთ თბილისის მერის, დავით ნარმანიას ისტერიული მცდელობა, საზოგადოების ყურადღება გადაეტანა სხვა საკითხებზე და არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემაზე, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიას საკრებულოში ანგარიშით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

”გუშინ, ძალიან დაგვიანებით თბილისის მერი იძულებული გახდა, რომ წარდგენილიყო საზოგადოების წინაშე, საკრებულოს წინაშე და ჩვენ, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო ვიხილეთ თბილისის მერის, დავით ნარმანიას ისტერიული მცდელობა, საზოგადოების ყურადღება გადაეტანა სხვა საკითხებზე და არ ესაუბრა როგორ შედის თბილისელების ინტერესებში ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიისა და მის მიმდებარედ 29 ჰექტარის მიტაცება, იქ საკუთარი რეზიდენციის მშენებლობა და ამ საერთო სარგებლობის სივრცის 100 ათასობით თბილისელისთვის და მისი სტუმრებისთვის ჩაკეტვა”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მან დავით ნარმანიას გამოსვლას დემაგოგია უწოდა.

”ნარმანიამ ისაუბრა წინა ხელისუფლების თანამდებობის პირების სახელფასო ანაზღაურებაზე, მის მიერ თითქოს აშენებულ საბავშვო ბაღებზე, გაკეთებულ გზებზე, რასაც მოსახლეობა ისედაც უნდა ხედავდეს ქუჩაში, თუმცა ეს ნამდვილად არ შეიმჩნევა. ამ მიმართულებით კორუფციამ რომ შეჭამა თბილისის მერია, ეს არის მკაფიო პასუხი ნარმანიას დემაგოგიაზე”, – განაცხადა აბესაძემ.

მისი თქმით, თბილისის მერმა საკრებულოში არაერთი კითხვა დატოვა პასუხის გარეშე.

”დავით ნარმანიამ ღიად დატოვა ყველა ის შეკითხვა, რომელიც ისმოდა პროფესიული წრეებიდან, დაინტერესებული საზოგადოებიდან, კერძოდ, რატომ მოხდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ჩუმად, კანონის უხეშად დარღვევით მითვისება ბიძინა ივანიშვილის მიერ და თბილისის მერმა ვერ დაასახელა ვერც ერთი კანონის მუხლი, რომლითაც შესაძლებელი იყო ბოტანიკური ბაღის ივანიშვილისთვის მისაკუთრება, რატომ გასცა მან მშენებლობის უფლება ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და იმ 10 ჰექტარზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2007 წელს მშენებლობის უფლების გარეშე შეიძინა, რატომ მოახდინა ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთრებაში გადაცემა ტერიტორიის, რომელზედაც დღეს საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ის საჯარო სარგებლობის სივრცედ დარჩება და ამის არანაირი სამართლებრივი გარანტი არ არსებობს, რატომ დაუშვა მშენებლობის უფლება იმ ტერიტორიაზე, სადაც ამტკიცებს, რომ სარეკრეაციო ფუნქციით მოეწყობა ველობილიკები და საპიკნიკე ადგილები”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დავით ნარმანია გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ანგარიშით წარსდგა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა და გადის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული კავშირების ეფექტური გზა
შემდეგი სტატია,,იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ”საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტი”