27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

გურჯაანში „ღვინის ქალაქის“ მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.

შესყიდვის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ ტექნიკური დავალება საჭიროებს გარკვეული მოთხოვნების, საპროექტო მოცულობების, ფუნქციური და ტექნიკური პარამეტრების დაზუსტებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესყიდვის ობიექტის სრულყოფილი აღწერა და პოტენციური მონაწილეებისათვის მკაფიო ინფორმაციის მიწოდება.

„სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულმა პირმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კონცეფციებიდან ვერც ერთი ვერ პასუხობს სრულყოფილად დასმულ ამოცანას – საქართველოში ეროვნული ღვინის მუზეუმისა და მასთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

მისი შეფასებით, წარმოდგენილი პროექტების უმეტესი ნაწილი კამერული ტიპის საზოგადოებრივ სივრცეებს წარმოადგენს და ხასიათდება ბანალური არქიტექტურული გადაწყვეტებით.

ამასთან, აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს „არქიტექტორები.ჯი“-ს მიერ წარმოდგენილი კონცეფცია შედარებით მასშტაბური და ამბიციურია, იგი მაინც ვერ ქმნის იმ გამორჩეულ არქიტექტურულ იერსახესა და კონცეპტუალურ მთლიანობას, რომელიც შესაბამისობაში მოვიდოდა პროექტის დანიშნულებასთან, ეროვნულ მნიშვნელობასთან და იდეასთან”, – ვკითხულობთ ოქმში.

ინფორმაციისთვის, სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გურჯაანში „ღვინის ქალაქში“ უნდა მოეწყოს მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ტურისტულ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებს მოემსახურება.

ქალაქი უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები; ინტერაქციული საგანმანათლებლო სივრცეები; საკონსერვაციო ლაბორატორია; სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, ენოთეკა და ფონდსაცავი; დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები; და რეკრეაციული ზონები; HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.

აქვე შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის შესყიდვა 6 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 6 მაისს დასრულდა.

ტენდერში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო: შპს „ატელიე არქიტექტს“, შპს „აისინქი“, შპს „სტუდია 21“, შპს „არქიტექტორები.ჯი2“ და შპს „როიალ არტ ჯგუფი Royal Art Group“.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე 1 455 000 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიარასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო დამსაქმებლები 2 მლნ ლარით დაჯარიმდნენ
შემდეგი სტატიაჯო უილსონი: ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ხელს უწყობს ირანისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მავნებლურ ქმედებებს