გურჯაანის მერი თანამშრომლებს აშანტაჟებს?!

“თაიმერისთვის” ცნობილი გახდა რომ გურჯაანის მერი თანამშრომლებს სამსახურიდან მიზეზის გარეშე ათავისუფლებს, მათზე ზეწოლას ახდენს და განცხადების დაწერას აიძულებს. როგორც ჩვენთან საუბრისას ზვიად ბიაშვილმა განაცხადა: 

2017 წლის 13 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულმა მერმა არჩილ ხანდამაშვილმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. მან პირველივე დღეს დაგვიბარა მერიის ყველა სამსახურის და განყოფილების უფროსი, მათ შორის მეც და განცხადებების დაწერა მოგვთხოვა.
გურჯაანის მერმა ორჯერ კიდევ მთხოვა რომ დამეწერა განცხადება. პირველად 4 დეკემბერს და მეორედ 5 იანვარს.
მიმდინარე წლის 11 იანვარს ჩემს მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. მე მედავებოდნენ იმ საქმის შეუსრულებლობას, რომელიც არავის დაუვალებია ჩემთვის. მე უნდა მომემზადებინა დასკვნა, რომლის საფუძველზეც, მთავრობის მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შერჩეული მაუწყებლების ნუსხის მიღმა სხვა მაუწყებელთან შეძლებოდა მერიას მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების დადება.
მეორე დისციპლინური წარმოება ჩემს მიმართ დაიწყო 12 თებერვალს.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს, გურჯაანის ქართულ-ფრანგულ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონში”, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულმა შ.პ.ს “სისხლის ბანკმა”, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩაატარა.
აქციაში მონაწილეობის მიღება ნიშნავდა იმას, რომ მსურველს უნდა გაეღო სისხლი, რომელიც შემდგომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იქნებოდა გამოყენებული. გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიდან სისხლი მხოლოდ ორმა ადამიანმა გაიღო: გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ გეთიაშვილმა. მე, მათ მიერ სისხლის გაღების ამსახველი ფოტოები ავტვირთე მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

“სისხლის ბანკს” დაწესებული ჰქონდა კრიტერიუმები, მათთვის ვისაც სისხლის გაღება სურდა. აღნიშნული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მან ვერ შეძლო აქციაში მონაწილეობის მიღება. აქედან გამომდინარე მე ფეისბუქის ოფიცალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ნიუსში არ მიმითითებია, რომ მერმა აქციაში მონაწილეობა მიიღო, რადგან ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამის გამო გურჯაანის მერმა ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება, სადაც ის ბრალს მდებს აღნიშნული აქციის არასრულყოფილად გაშუქებაში.


მესამე დისციპლინური წარმოება ორ დღეში 14 თებერვალს იქნა დაწყებული ჩემს მიმართ. აღნიშნული დისციპლინური წარმოების დაწყების მიზეზად დასახელდა ის, რომ მე სამუშაო საათებში არ ვიმყოფებოდი სამუშაო ოთახში. იმ დროს რომელიც მითითებული იყო ბრძანებაში, ვიმყოფებოდი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც სამუშაო შეხვედრა მქონდა აპარატის თანამშრომლებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან. აღსანიშნავია, რომ ჩემთვის არავის დაურეკია უკითხია, თუ სად ვიყავი.
მეოთხე დისციპლინური წარმოება ჩემს მიმართ 27 თებერვალს დაიწყო. მერი ბრალს მდებს მერიის პრესტიჟის შელახვაში და ყურადღებას ამახვილებს ჩემს მიერ 15 თებერვალს, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე. ის მსჯის იმის გამო, რომ მე გავბედე და მის უკანონობაზე, ხმა ამოვიღე. ეს არის სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა.
უკვე მეორედ მერი უარს მეუბნება კუთვნილი საშვებულებო დღეების გამოყენებაზე. მან იცის რომ მე იურისტებს უნდა შევხვდე და მზღუდავს. არ მაძლევს თავდაცვის საშუალებას.
შვებულების უფლებას მართმევს, უკანონობაზე ხმის ამოღების უფლებას მართმევს, ალბათ ცოტა ხანში ჩემი წილი ჟანგბადის ჩასუნთქვასაც ამიკრძალავს. ყველას მოვუწოდებ დამეხმარო-აცხადებს ბიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილის კორუფციული ჭაობი – ,,სტავკები,, და სქემები