გურიაში, საკუთარ სახლთან მოკლული ახალგაზრდის ცხედარი ცენტრალურ გზაზე დაასვენეს

გურიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლული ირაკლი ტარიელაძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიცვალებულის ცხედარი ნატანები-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე დაასვენეს.

საპროტესტო აქციაზე ტარიელაძის ახლობლები დამნაშავეების დასჯას და მომხდარის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ.

მოკლულის ახლობლების ვერსიით, მომხდარში ეჭვმიტანილი მათი მეზობელია, რომელთანაც ტარიელაძეს წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდა. კონფლიქტის მიზეზი კი, სადაო მიწის ნაკვეთები იყო.

მოკლულის ახლობლები შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართავენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

ოჯახი ფიქრობს, რომ დამნაშავეს სამართალდამცველები მფარველობენ. გარდა ამისა, მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახს ახლაც ემუქრებიან.

ამ დროისთვის, ბათუმი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ქობულეთის მონაკვეთი უკვე გახსნილია და მოძრაობა აღდგენილია.

28 წლის ირაკლი ტარიელაძე რამდენიმე დღის წინ, გურიის სოფელ გურიანთაში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო, “ენმ”-ის აქცია შაბათის ნაცვლად, კვირას გაიმართება
შემდეგი სტატია“ინციდენტი აღმოფხვრილია” – პარლამენტის აპარატის პასუხი აბაშიშვილის განცხადებაზე