პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი დანიაში სამართალდამცველების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან მსგავს ფაქტებზე დუმილი ან მათი დემოკრატიის ჩარჩოებში მოქცევა, მაშინ როდესაც საქართველოში პოლიციაზე თავდასხმასაც კი ამართლებენ, ორმაგი სტანდარტი და ევროპული ფასეულობების დაცინვაა.
„როდესაც ამბობ, რომ დანიაში, თურმე შეგიძლია, ხელკეტებით დაულეწო თავ-პირი აქციის მონაწილეს და ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და დემოკრატიის ფარგლებში, საქართველოში კი, როდესაც პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, ამ შემთხვევაში შენ მაინც საყვედურობ სახელმწიფოს და პოლიციას, რა თქმა უნდა, ეს არის თავიდან ბოლომდე შეურაცხყოფა თუნდაც, იმ ევროპული ღირებულების, რის გამოც ზოგადად, ეს კავშირი შეიქმნა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
















