6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): “ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.

ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას. მადლობა ალექსანდრე იაშვილს, რადგან ყოველთვის ვგრძნობი მის მხარდაჭერას. 

ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.

უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.

გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია.

უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე.

ინფორმაციიისთვის, გურამ კაშიას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წელს, თბილისში, მონტენეგროსთან მატჩში შედგა. ამ დროისთვის 38 წლის მცველს 128 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და ანგარიშზე სამი გოლია. საქართველოს ნაკრებმა კაშიას კაპიტნობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის ამხანაგურ შეხვედრაში, კაშიას 129-ე სანაკრებო მატჩი შედგება, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების კადრებს მოსწავლეებში ავრცელებდა
შემდეგი სტატიარას წერს გია ნოდია ზვიად გამსახურდიას და ილია II-ის შესახებ