საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება ოფიციალურად დაიწყო. შეკრების პირველი ვარჯიში 25 მაისს, „მიხეილ მესხი 2“-ის მოედანზე გაიმართა.
საწვრთნელ პროცესში ამ ეტაპზე 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია.
ზაფხულის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომლებიც ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ მატჩი სიმბოლური და ემოციური იქნება — საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ეროვნულ გუნდში ბოლო სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს. 5 ივნისს კი ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის გუნდი იქნება. ორივე დაპირისპირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
მოახლოებული მატჩებისა და მეტოქეების შესახებ ეროვნული გუნდისა და რუმინული „კრაიოვას“ ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა:
„დავიწყეთ მზადება მოახლოებული მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, რთულია ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ამხანაგური მატჩების ჩატარება, თუმცა ეს ბოლო თამაშებია ერთა ლიგამდე. რუმინეთთან საინტერესო მატჩს ველი. კარგად ვიცი მათი ძლიერი მხარეები — ჩვენს მსგავსად, მათაც კარგად იასპარეზეს ევროპის ჩემპიონატზე. ახალი მწვრთნელი და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. არ იქნება მარტივი თამაში, თუმცა, ვფიქრობ, ყველა სერიოზულად არის განწყობილი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შეკრებას ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად”, — აღნიშნა მექვაბიშვილმა.


















