გურამ იმნაძე – სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში

სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გურამ იმნაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობასა და საჯარო ინტერესებს.

„მიგვაჩნია, რომ მოსამართლე ლიელა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აგრეთვე უგულებელყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობას, საჯარო ინტერესებს და ამ გზით, სასამართლო ცდილობს, უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ, ფაქტობრივად, თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ – არა. ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსამართლემ იმავე განჩინებით საქმის განსახილველად განსაზღვრული ზოგადი ორთვიანი ვადა ხუთ თვემდე გაახანგრძლივა, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტს, პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, პარალიზების რისკებს აჩენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება, ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, კიდევ უფრო ზიანდება და მცირდება“, – განაცხადა გურამ იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ქვეყანას მართავს „კლანი“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ქვეყანაში აღარ არის კანონი და კონსტიტუცია
შემდეგი სტატიანინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენა თიბისი კონცეპტში