“20 ივნისი არის თარიღი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსი დეპუტატებისა და რუსული ინტერესების გამო შეუძლია, საქართველოს მოსახლეობა გაწიროს და დაასახიჩროს,თუმცა ეს არის თარიღი, როცა ქართველი ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა უარი არა რუსეთს, არა ოკუპაციას და დიახ საქართველოს ევროპულ მომავალს“, — აღნიშნული განცხადება გააკეთა გურამ ჩუხრუკიძემ, სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, საქართველო“-ს წევრმა გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულა”.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე წლის წინ, 2019 წლის ამ დღეს, თბილისში უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და სისხლიანი მოვლენები განვითარდა, რომელიც საზოგადოებაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევიდა. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ მრავალათასიანი პროტესტი გამოიწვია.
2019 წლის 20 ივნისს თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.















