გურამ ჩალაგაშვილი: „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ!“

გურამ ჩალაგაშვილი: „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ!“
„ირაკლი ოქრუაშვილი ყველა ოპოზიციური ლიდერის მაგივრად ზის ციხეში“

„გადატრიალება ხაჭაპურის გამოცხობა არ არის, რომ ერთ გვერდზე როცა დაბრაწავ მეორე გვერდზე გადაატრიალო“
პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმონ. მისი თანაპარტიელები ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მათ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ. ჩვენების მიცემა სთხოვეს გურამ დონაძესაც და ამის სანაცვლოდ თავისუფლებას დაპირდნენ.
რატომ უმძიმებენ ოქრუაშვილს ბრალს, რატომ არ უნდა ივანიშვილმა ის თავისუფალი იხილოს, რატომ დუმს ოპოზიცია, რა შეთავაზებას აპირებენ სასამართლოსთვის დაკავებულის თანაპარტიელები და მეგობრები”
_ ამის შესახებ „ქრონიკა +“-ს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ესაუბრება.

-საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის დამძიმებას აპირებს. დღეს არავინ დაობს, რომ თავდაცვის ექსმინისტრი გისოსებს მიღმა რუსთავი 2-ის გამო აღმოჩნდა. რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია და რაში სჭირდებათ ოქრუაშვილისთვის ბრალის დამძიმება?

– რუსთავი 2 ერთ-ერთი მიზეზია ,რისთვისაც დაიწყო ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ეს ტელეკომპანია ხელისუფლების ხელშია, მაგრამ ირაკლის წინააღმდეგ ბრძოლა მაინც გრძელდება. ბრძოლა გრძელდება იმიტომ, რომ „ოცნებამ“ კარგად იცის მისი წარსული. იციან რა რეფორმები გაატარა იმ უწყებებში, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა. ეს რეფორმები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ოცნებამ“ ისიც კარგად იცის, თუ რა ავტორიტეტი აქვს დღეს ირაკლი ოქრუაშვილს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილიც საქმის კურსშია. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ თუ ვინმეს შეუძლია მის ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას, ეს ირაკლი ოქრუაშვილია.

მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ადამიანი ციხეში გამოემწვდია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი შეთითხნილი ბრალდებებით ზის საპატიმროში. საქართველოში ყველა ხვდება, რომ 20-21 ივნისის ღამეს არანაირი გადატრიალების მცდელობა არ ყოფილა.
იმისათვის რომ გადატრიალება მოაწყო, ელემენტარულად იარაღია საჭირო, რომელიც არსად არ ჩანს. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ვინმეს ადანაშაულებენ, ცოტა მეტი სერიოზულობა გამოიჩინონ. გადატრიალება ხაჭაპურის გამოცხობა არ არის, რომ ერთ გვერდზე როცა დაბრაწავ მეორე გვერდზე გადაატრიალო.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები ესაუბრნენ გურამ დონაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ბუტა რობაქიძის საქმეზეა დაკავებული. ბუტა რობაქიძე როდესაც მოკლეს ირაკლი ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრად ითვლებოდა,თუმცა ის უკვე გადასული იყო თავდაცვის სამინისტროში.
გურამ დონაძეს შესთავაზეს, თუ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცემდა მათთვის სასურველ ჩვენებას ჩვენებას, მას საპროცესოს გაუფორმებდნენ და თავისუფლებაზე გამოუშვებდნენ.

– რა უნდა ეთქვა დონაძეს ოქრუაშვილზე?

-მას მოსთხოვეს, რომ ეთქვა თითქოს ,ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილის დავალებით გააკეთა და ის იძუულებული იყო მინისტრის ბრძანება შეესრულებინა. დონაძისგან ხელისუფლებამ სასურველი ჩვენება ვერ მიიღო, ამიტომაც გადავიდნენ გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებულებზე, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან.

ჩვენ ვფლობთ დაზუსტებულ ინფორმაციებს იმაზე, თუ კონკრეტულად ვისზე ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე ორ პატიმართან მიდის მოლაპარაკაბები. ისინი პრქტიკულად მზად არიან ირაკლის წინააღმდეგ მისცენ ცრუ ჩვენება.

მათ უნდა თქვან, რომ 20-21 ივბისის ღამეს ოქრუაშვილი პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა. ასეც რომ ყოფილიყო, საიდან ჩანს რომ საქმე გვაქვს გადატროალების მცდელობასთან. პარლამენტი არ არის კერძო საკუთრება, ის ეკუთვნის სახელმწიფოს და იქ შესვლის უფლება ყველას აქვს. ვთქვათ და შესულიყო იმ ღამეს ხალხი პარლამენტში, რა მოხდებოდა ამით? სხდომა არ მიმდინარეობდა, რომ რამე ჩაეშალათ.

მათ ასევე უნდა თქვან, რომ ოქრუაშვილთან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ გავრილოვის ღამეს ასე მოიქცეოდნენ. რაც არის სრული აბსურდი. საიდან უნდა სცოდნოდა ირაკლის, რომ იმ ღამეს ასეთი რამე მოხდებოდა. კაციშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში გავრილოვი ჩაჯდებოდა.

_ თუ ოქრუაშვილმა ამის შესახებ წინასწარ იცოდა, გამოდის რომ მასთან ზაქარია ქუცნაშვილი და ირაკლი კობახიძეც შეკრულები არიან. მათი დამსახურებაა, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა, რასაც ათეულობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვა.

-ასე გამოდის. თუ ირაკლი ვინმეს წინასწარ შეუთანხმდა ასე და ასე მოიქეცით, გამოდის რომ მას ქუცნაშვილმა და კობახიძემ უთხრეს ,გავრილოვს სპიკერის სავარძელში ჩავსვამთ და მღელვარება დაიწყებაო. ეს არის არასერიოზული. ამ ადამიანს ბრალს იმიტომ უმძიმებენ, რომ „ოცნებას“ არ სურს მისი გარეთ გამოსვლა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მისი ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია და ამიტომაც არ სურს მისი გარეთ გამოშვება.

ირაკლის დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი „ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევაც გახდა. ამ კვლევით მმართველმა პარტიამ ნახა, რომ ოქრუაშვილს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შედარებით ბევრად მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
ვარწმუნებ ივანიშვილს და მის გუნდს, რომ ოქრუაშვილი მათ მაინც შეუქმნის პრობლემებს. თუ ის ადამიანები, ვისთვისაც დასავლური ღერებულებებია მთავარი და „დედა რუსეთში“ დაბრუნება მიუღებელია, გაერთიანედებიან ხელისუფლება შავ დღეში აღმოჩნდება.

ჩვენ თუ პირად ამბიციებს გვერდზე გადავდებთ და პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესებს დავაყენებთ, ამ ხელისუფლებას მხოლოდ პრობლემებს კი არ შევუქმნით, არამედ შევძლებთ მის პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვებას.

19 სექტემბერს გაიმართება ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მოსამართლე მას არანაირი პირობით არ გაათავისუფლებს. ამის თვალსაჩინოებისათვის ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლის გირაოს სახით შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 500 000 ლარის ოდენობით, რათა ირაკლი ოქუაშვილი გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან.

ასეთი თანხის გირაო დღემდე მხოლოდ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის მიმართ იქნა გამოყენებული და ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ეს თანხა. ეს ყველაფერი მოხდება 19 სექტემბერს და თქვენ ყველა დაინახავთ, რომ რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ არ აპირებს მის გათავისუფლებას.

ივანიშვილმა დაინახა, რომ ოქრუაშვილი არის ნომერ პორველი მტერი, რომელსაც შეუძლია, ეს ხელისუფლება გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე. „ოცნების“ ლიდერი ყველაფერს გააკეთებს რომ ირაკლი დარჩეს ციხეში, მაგრამ არ გამოუვა. ასეთი ქმედებები საბოლოოდ ძალიან ცუდად მთავრდება მოძალადე ხელისუფლებებისთვის. არც „ქართული ოცნება“ იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.

-თქვენ ამბობთ რომ ივანიშვილს არ სურს ირაკლი ოქრუაშვილის გარეთ გამოსვლა. შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ციხიდან მისი გამოსვლა არც ოპოზიციის ნაწილს არ სურს. ამდენი ხანია ეს ადამიანი ციხეშია და მისი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გაკეთებულა.

– სამწუხაროდ ეს ასეა. მე არ ვიცი რა არის მათი დუმილის მიზეზი. ეტყობა რაღაც მიზეზით არ აქტიურებენ, არადა ბევრ მათგანს იგივეს ედავებოდნენ, რის გამოც ირაკლი ციხეში ზის.

ირაკლის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ჩვენ პატარ-პატარა აქციებს ვგეგმავთ და ოპოზიციის დამოკიდებულება იქაც გამოჩნდება. არ ვიცი ისინი რას იზამენ, ჩვენ ჩვენი ძალებით შევეცდებით დისკომფორტი შევუქმნათ ხელისუფლებას.

არავის არაფერს არ ვაბრალებ, მაგრამ ოპოზიციისგან მეტი აქტიურობაა საჭირო. ყველას მინდა შევახსენო, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის ყველა ლიდერის მაგივრად ზის ციხეში. და თუ მართლაც რამე მოხდა 20 ივნისის ღამეს, ყველაფერი მან აიღო თავის თავზე.

როცა იცი რომ ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში, ერთი საპროტესტო განცხადება მაინც უნდა გააკეთო. აქ მნიშვნელობა არა აქვს იმას მოგწონს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად. პოლიტიკის მიღმა არსებობს ადამიანობა, ადამიანისთვის კი სხვა ადამიანის უკანონოდ ციხეში გამომწყვდება პროტესტის მიზეზი უნდა გახდეს.მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვალდებულები არიან პროტესტი გამოხატონ და გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება მოითოვონ.

„ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას რომ არ მოითხოვს, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას არც „ოცნების“ საპარლამენტო გუნდი გააკეთებს. მათი იმედი როგორ უნდა გქონდეს, როცა თავიანთ კოლეგას იმუნიტეტი ისე მოუხსნეს, თვალიც კი არ დაუხამხამებიათ. „ოცნების“ 93 დეპუტატმა ნიკა მელია ციხისთვის გაიმეტა.

„ოცნებას“ არავისი უფლებების დაცვა არ აინტერესებს. მათთვის უმნიშვნელოა ისიც, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები. მმართველი პარტიის წევრებისთვის მთავარია საკუთარი ჯიბეების გავსება. ცდილობენ, დარჩენილ დროში, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.

მათ იმედი აქვთ, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება,. ამ ფულით მშვიდად იცხოვრებენ. რაც ასე ნამდვილად არ იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს დრო, როცა ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. „ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს.


_ ისევ ოქრუაშვილს დავუბრუნდეთ, იმაში რომ ხელისუფლებამ ის დააკავა, საზოგადოებასაც ხომ არ აქვს წვლილი შეტანილი? სანამ მას დაიჭერდნენ სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გაჩაღდა. ძალიან ბევრი ლანძღავდა მას.

– ირაკლისთვის ფეისბუუქზე გამოცხადებულ ომს მეც ვადევნებდი თვალყურს. თითქმის ყველა კომენტარი და სტატუსი წავიკითხე. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლის ხალხი ლანძღავდა ეს იყო ტროლების და ბოტების აქტიურობა, რომელიც ხელისუფლების მიერ იმართება. მათ შექმნილი აქვთ ათასობით ფეისბუქგვერდი და იქ წერენ სიბინძურეებს და სისულელეებს.
ყველა ოპოზიციურ ლიდერზე იწერებოდა ასეთი სიბინძურეები, მაგრამ ირაკლი განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გახდა, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის ის არის ყველაზე საშიში.

კარგი იქნება თუ საზოგადოებაც იაქტიურებს და ტროლებს არ აყვება. საზოგადოებამ უნდა დაიცვას პოლიტპატიმრები, საზოგადოებამ პროდასავლურ ძალებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა დასავლეთისკენ წავიდეს და არა რუსეთისკენ.

საქართველოს რომ რუსული გზთ უპირებენ წაყვანას, ეს უკვე ნათელია და ამაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც დამარწმუნა.

არც ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის რასმუს3ნის განცხადება ყოფილა შემთხვევითი. ასეთი რანგის ფიგურები განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებენ. მეეჭვება რომ მისი ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლებასთან არ ყოფილიყო შეთანხმებული. აქამდე ჭორის სახით გვესმოდა, რომ „ოცნება“ ოკუპირებული რეგიონების დათმობას აპირებდა. ამ სკანდალური განცხადების შემდეგ, დამატებითო ეჭვები გაჩნდა.

არც ინაშვილი შევარდნილა საერთაშორისო კონფერენციაზე თავისი სურვილით. ესაც იმ გეგმის ნაწილი იყო, რა გეგმასაც ივანიშვილის ნარკომანი პიარშიკები ადგენენ. ეს ამბავი მათ ტვინში მოიხარშა. მათ მოიფიქრეს სცენარი და დაავალეს ირმა ინაშვილს შევარდნილიყო და ჩაეშალა საერთაშორისო კონფერენცია. ამის სანაცვლოდ ის შემდეგ არჩევნებზე მიიღებს საჩუქარს _ მას კიდევ ერთხელ შეიყვანენ პარლამენტში.

საქართველოს რუსული გზით წასვლა არუნდა დავუშვათ. პროდასავლურმა ძალებმა და საზოგადოებამ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავუშვათ.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი
ქრონიკა +

banner
წინა სტატიაში,,14 წლის ბავშვის მკვლელის გაშვებას აპრავებენ… რა დააშავა ქალბატონმა პრეზიდენტმა, კანონია ასეთიო”
შემდეგი სტატიასამი მკვლელის შეწყალება ერთ დღეში,ეს შეიძლება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს