გურამ ჩალაგაშვილი – „მატროსოვის ციხეში“ მყოფ გურამ დონაძეს გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ

“ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლოს გირაოს სახით, შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 500 000 ლარის ოდენობით, რათა ირაკლი ოქრუაშვილი გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან”,- ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩალაგაშვილის თქმით, გირაოს სახით ისინი სასამართლოს უძრავ ქონებას შესთავაზებენ, თუმცა, ასევე, აღნიშნა, რომ “ივანიშვილს ოქრუაშვილი სჭირდება ციხეში და არც ამ თანხის სანაცვლოდ აპირებს მის გათავისუფლებას”.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, უკვე ორი თვეა, რაც ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებულია სახელმწიფო გადატრიალების შეთითხნილი ბრალდებით, რომელზეც არანაირი მტკიცებულებები, გარდა პოლიციელების მიერ გახარიას დავალებით მიცემული ჩვენებისა, არ არსებობს.

ბოლო თვეებია, ივანიშვილის ბრძანებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია პროკურორთა ჯგუფი, რომელმაც ოქრუაშვილისადმი წაყენებული უსუსური ბრალდების გასამყარებლად, 12 წლის წინანდელი საქმეები ქექა, რათა ახალი ბრალდებები წაეყენებინათ მის წინააღმდეგ. მათ შორის რობაქიძის საქმეზე „მატროსოვის ციხეში“ მყოფ გურამ დონაძეს, გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ ცრუ ჩვენების მიცემას ოქრუაშვილის წინააღმდეგ. სასურველი შედეგის ვერმიღების შედეგად, პროკურატურა „გავრილოვის ღამეს“ დაპატიმრებული ბიჭების დაშანტაჟებაზე გადავიდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა მათ, თავისუფლების სანაცვლოდ მისცენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება და გამოიყენოს ეს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილისათვის საქმის დასამძიმებლად. ყოველივე ეს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, როგორც ხელისუფლების და უშუალოდ ივანიშვილის პირად დაინტერესებაზე, ასევე, საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე და იმაზე, რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი სჭირდება ციხეში.

ის, რომ ოქრუაშვულმა ივანიშვილის ხელისუფლებას შეუქმნა მნიშვნელოვანი საფრთხე და სწორედ ამის გამო იქნა დაპატიმტებული, არის მიზეზი, რომ მას მოსამართლე არანაირი პირობით არ გაათავისუფლებს არც მომდევნო სამართლო პროცესზე.

ამის თვალსაჩინოებისათვის ოქრუაშვილის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, სასამართლის გირაოს სახით შევთავაზოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, 500 000 ლარის ოდენობით, რათა ირაკლი ოქუაშვილი გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან. ასეთი თანხის გირაო დღემდე მხოლოდ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის მიმართ იქნა გამოყენებული და ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ეს თანხა. ეს ყველაფერი მოხდება 19 სექტემბერს და თქვენ ყველა დაინახავთ, რომ რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ არ აპირებს მის გათავისუფლებას. ივანიშვილმა დაინახა, რომ ოქრუაშვილი არის ნომერ პორველი მტერი, რომელსაც შეუძლია, ეს ხელისუფლება გაუშვას პოლიტიკურ სანაგვეზე”,- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა
შემდეგი სტატია„ოდირმა“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა