„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე პარტიის საკადრო წარსულს კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ კადრების შერჩევა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძლიერი მხარე არ ყოფილა. ბარამიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკადრო პოლიტიკა თითქმის არასდროს ყოფილა გამართული, რის დასტურადაც მას ბოლო 14 წლის განმავლობაში პარტიის ყოფილი თავმჯდომარეები და ლიდერები მოჰყავს, რომლებიც დღეს გუნდში აღარ არიან.
ბარამიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი წერდა, რომ ენმ ამაზე უარეს მდგომარეობაში უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. ბარამიძე აღნიშნავს, რომ მიშასადმი მისი თანადგომა ურყევია, თუმცა ეს საკადრო საკითხებზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს.
„მიშასადმი პირადად ჩემი თანადგომა იყო, არის და იქნება მტკიცე და ურყევი… ეს არასდროს ნიშნავდა, რომ ჩვენ ტაქტიკურ თუ საკადრო საკითხებზე განსხვავებული აზრი და კამათი არ გვქონოდა.
ღმერთია მოწამე და ხალხმაც იცის, რომ, სამწუხაროდ, ამ კუთხით ენმ-ის პოლიტიკა გამართული თითქმის არასდროს იყო. აბა, გავიხსენოთ მიშას არყოფნის პირობებში, ბოლო 14 წელი ვინ იყვნენ ენმ-ის თავმჯდომარეები და რეალურად რომ აკონტროლებდნენ პარტიას ის ხალხი და სად არიან ახლა ისინი?
გულზე ხელი დავიდოთ და გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ, ცხადია, საკადრო პოლიტიკა მიშას საუკეთესო მხარე არ გამოდგა“, — წერს ბარამიძე.
პოლიტიკოსის განცხადებით, პარტიას შეცდომებზე სწავლა მართებს, რადგან მათ აღარ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ვინმემ ამხელა ორგანიზაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს და შემდეგ გაქრეს, გაიყიდოს ან საბოტაჟით დაკავდეს.
















