“გულწრფელად გისურვებთ, რომ ყოფილიყავით სპარტაკი”

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

“თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისი წარმატება ქვეყნის წარმატებას ნიშნავს.

როგორც აბაშიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს არ აინტერესებთ პოლიტიკოსების პაექრობა და ის ვინ უფრო მჭერმეტველია, არამედ აინტერესებთ ის, თუ როგორ გადაიჭრება პრობლემები. “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ის ისურვებდა არსებული პრობლემები გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას გადაეჭრა. სიტყვით გამოსვლისას აბაშიძემ ასევე დასძინა, რომ სრულად იზიარებს გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს არ უნდა ებრძოდნენ.

“თქვენ თქვით, რომ ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ გლადიატორებს და გეთანხმებით აბსოლუტურად. ვიზიარებ ამ პათოსს, რომ არ უნდა ვიყოთ გლადიატორები და აქ ერთმანეთს არ უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პრობლემებს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად შეგახსენებთ, რომ სპარტაკიც იყო გლადიატორი, ისტორიული პერსონაჟი, რომელმაც თავისუფლებისთვის იბრძოლა და შეძლო ის, რომ გათავისუფლებულიყო. გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მაგალითი მიეცა. ასე, რომ მეც გულწრფელად გისურვებთ, რომ ყოფილიყავით სპარტაკი და გაგეკეთებინათ ის, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. მინდა წარმატებები გისურვოთ, თქვენ თუ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება”, – აღნიშნა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიახალი წლიდან უკრაინა ევროკავშირს რძით მოამარაგებს
შემდეგი სტატია“დღეს, კვირიკაშვილის მთელი შარმი ღარიბაშვილშია”