,,გულწრფელად გეტყვით, არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან, მიზეზი არ ვიცი”

ჩემი თხოვნაა პოლიტიკოსების მიმართ, რომ სასამართლოს ნუ გარევთ პოლიტიკაში, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, დღეს ყველა მხრიდან აკრიტიკებენ სასამართლოს, რეალურად ეს არის იმის ინდიკატორი, რომ სასამართლო დაადგა დამოუკიდებლობის გზას.

„გულწრფელად გეტყვით, არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან. მიზეზი არ ვიცი. ყოველთვის მაკრიტიკებდა ისე, როგორც ახლა მაკრიტიკებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ახლა გეტყვით, რომ როცა მივდივარ ევროპის ქვეყნებთან, იქ სასამართლოში ყოველთვის დგას იუსტიციის მინისტრის პრობლემა. ჩვენი დელეგაცია წასული იყო სლოვენიაში, სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ შეხვდა ჩვენ დელეგაციას, რადგან იუსტიციის მინისტრს ჰყავდა დაბარებული. ეს ევროკავშირის ქვეყანაა. საქართველო კი ერთადერთი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ შეიქმნა ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც იუსტიციის მინისტრს გავლენა არ აქვს სასამართლოს სისტემაზე. ასეთი კანონები შეიქმნა ამ პერიოდში და კონსტიტუცია ამ ყველაფრის გვირგვინი იყო, რომელმაც სასამართლოს საშუალება მისცა, იყოს დამოუკიდებელი. ჩემი თხოვნაა პოლიტიკოსების მიმართ, რომ სასამართლოს ნუ გარევთ პოლიტიკაში. თუნდაც ამ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით და მათ საშუალება მივცეთ, რათა ნებისმიერ კითხვას გასცენ პასუხი“, – განაცხადა მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაში,,უზენაესი სასამართლოს ეს შემადგენლობა არის ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის უხეში მცდელობა”
შემდეგი სტატიაანა დოლიძე – დღეს ჩვენ ვიხილეთ ყველანაირ ჩარჩოებს აცდენილი ერთი კაცის სპექტაკლი