გუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომების მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

გუგული მაღრაძე, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტში შემავალი ორი ქვეკომიტეტის – უმცირესობათა უფლებებისა და ევროპის სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა.

უმცირესობების უფლებათა საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მან უმცირესობათა უფლებების კუთხით, საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ არც ერთ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს არ აქვს რაიმე შეზღუდვები ქვეყანაში არსებული სიკეთეების მიმართ მისაწვდომობაში.
„ქვეყანაში ფუნქციონირებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები ყველა ძირითადი ნაციონალური უმცირესობების ენაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით მათ მიეწოდებათ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენათა შესახებ მათ მშობლიურ ენებზე. გამოდის პრესა, ფუნქციონირებს სახელმწიფო თეატრები ეროვნული უმცირესობების ენაზე და ა.შ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. გამოსვლისას მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც არაქართველი მოსახელობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნის მიმართულებით არსებობს. მისივე თქმით, ამისთვის ყველა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის დასაუფლებლად გახსნილია უფასო კურსები, სახელმწიფო სამსახურში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ფუნქციონირებს საჯარო მოხელეთა სახელმწიფო სკოლა, სადაც მათ შეუძლიათ ისწავლონ სახელმწიფო ენა და ასევე, მიიღონ შესაბამისი ცოდნა სახელმწიფო მართვის საკითხებზე.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რომ მთელ რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მართალია რატიფიცირებული აქვს ნაციონალური უმცირესობების უფლებების ევროპული კონვენცია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ აქვს რატიფიცირებული რეგიონალური ენების ქარტია. როგორც გუგული მაღრაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით მუშაობს აღნიშნულ საკითხებზე.

ევროპის სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის სხდომაზე ძირითადმა მომხსენებელმა, ევროპის სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის წევრმა, ელიანა ჩემლამ აღნიშნა, რომ საქართველოს, ისევე როგორც ევროსაბჭოს მთელ რიგ ქვეყნებს, არ აქვს შესრულებული სოციალური ქარტიის რიგი მუხლების შესაბამისი მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოში არ ფუნქციონირებს სპეციალური საზედამხედველო ორგანო, რომელიც ქარტიით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახდენს. ასევე, აღინიშნა რომ საკმაოდ მაღალია ინდივიდების მიერ თანადაფინასების წილი სამედიცინო მომსახურეობისას.

გუგული მაღრაძე დაეთანხმა მომხსენებელს, რომ ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს რაიმე სპეციალური ორგანო, რომელიც ქარტიით აღებული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს, მაგრამ როგორც მან აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტი და ამ წლის ბოლოსთვის აღნიშნული ორგანო მუშაობას შეუდგება.

მომხსენებლის მიერ გამოთქმულ მეორე შენიშვნას არ დაეთანხმა გუგული მაღრაძე. მან გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ასეთი მონაცემები ოფიციალურ დოკუმენტში ასახული, რადგან მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ეს საკითხი მოხსნილია. მომხსენებლის განმარტებით, ყოველ 3 წელიწადში ხდება მონაცემების აღება და თუ ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით რაიმე გაუმჯობესებაა, თავად ქვეყნები უნდა იყვნენ დაინტერესებული დროულად მიაწოდონ ინფორმაცია არსებული გაუმჯობესებების შესახებ, რათა ძველი მონაცემები არ აისახოს ოფიციალურ დოკუმენტში.

ქვეკომიტეტის სხდომაზე ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის საკითხზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების შრომით უფლებებზე, ასევე, ბავშვთა უფლებების არსებულ მდგომარეობაზე ბავშვების ფიზიკური დასჯის მიმართულებით.

გუგული მაღრაძის თქმით, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც. ამ ვითარების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. კერძოდ, დაწყებულია ახალგაზრდებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების შესასწავლად ფართო პროგრამის განხორციელება, ხდება პროფესიული განათლების ქსელის განახლება და გაფართოება და მათი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ფართოდ ინერგება დუალური განათლების პრინციპი. სახელმწიფო დაფინანსებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ პროფესიების ათვისება და შესაბამის საწარმოებში დასაქმება.

„რაც შეეხება ბავშვთა მიმართ ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენებას, ამისგან ცხადია, არც საქართველოში ვართ დაზღვეული. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა კანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ ყველა ის დაწესებულება, რომელიც კონტაქტში შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლთან, სასწავლო თუ სამედიცინო დაწესებულება, მოვალეა, ამის შესახებ, სათანადო ორგანოებს აცნობოს. აღნიშნულ შემთხვევაში ექიმი კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებისაგან თავისუფლდება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ გამოსვლისას. სხდომაზე დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა გაცილებით წინაა, ვიდრე ევროსაბჭოს წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა.

banner
წინა სტატიაშისულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : ჩემთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ცვლილება არ იგეგმება