გუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა, გუგული მაღრაძემ კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროსაბჭოს ქვეყნებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ადამიანის უფლებები და სუროგაციასთან დაკავშირებული ეთნიკური პრობლემები, ფისკალური და სოციალური სამართლიანობა და საჯარო ნდობა დემოკრატიული, ფინანსური და საგადასახდო სისტემის მიმართ, პროფესიული კავშირების სოციალური ფუნქციონირების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბავშვებისათვის ევროპაში, ვაჭრობის და ინვესტირების ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გავლენა ევროპულ ქვეყნებში სოციალური უფლებების, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების პროცესებზე, ევროპაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დასაქმებულ ქალთა უფლებები.

სუროგაციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. მომხსენებლის, ბელგიელი დეპუტატის, პეტრა შუტერის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება სუროგაციის ალტრუისტული ფორმით დაშვების შესახებ სამსაათიანი განხილვის შედეგად, კომიტეტის მიერ ხმათა მცირედი უპირატესობით არ იქნა მხარდაჭერილი.

ქართველი დეპუტატი სხდომაზე, სიტყვით ორ საკითხთან დაკავშირებით გამოვიდა. ევროპაში ბავშვებისთვის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას, გუგული მაღრაძემ საქართველოში ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებული სერიოზული რეფორმების შედეგად მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მან ჩვენს ქვეყანაში არსებულ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეც ისაუბრა. „ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ცხადია, არის პრობლემები: გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის სერვისების თანაბრად მაღალი ხარისხიანობა, მაგრამ აღარ არსებობს ფინასური პრობლემა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში, რაზეც საქართველო წლიურად ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებებზე მთელი ბიუჯეტის მესამედს ხარჯავს, რაც უპრეცედენტოა ევროპის განვითარებული ქვეყმებისთვისაც“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავსი საკითხების კვლევისას ევროსაბჭოს ყველა ქვეყანას შესაბამისი კითხვარი გაეგზავნება, რათა სრულად იქნას წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის წარმატებები თუ პრობლემები ამა თუ იმ მიმართულებით.

მეორე საკითხი, რომელზეც გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო გუგული მაღრაძემ, ევროპაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დასაქმებულ ქალთა უფლებებს ეხებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ ასე დასაქმებული ქალები, ყველა შემთხვევაში მათი უფლებების დაცვას საჭიროებენ, სიტუაცია გარკვეულწილად განსხვავებულია იმ ქალბატონებისათვის, რომლებიც არიან ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში არიან ან არ არიან და ამ მხრივ ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარება გარკვეულ პოზიტიურ როლს ითამაშებს“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

კომიტეტმა სხდომაზე, უახლოესი პერიოდის სამუშაო გეგმა და სხვადასხვა ღონისძიებებში კომიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობის გრაფიკი დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიგანახლებული აღმაშენებლის გამზირი დღეს გაიხსნება
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა