გუდვილის დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს – რთულია იმაზე ფიქრიც კი, რომ შესაძლებელია წარსულში დაბრუნების რისკის დაშვება

,,გუდვილის”  დამფუძნებელი  მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,საპრეზიდენტო არჩევნების პერიპეტიები აჩვენებს, რომ დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ დგას გზაგასაყარზე. ბუნებრივია, შექმნილი ვითარება პირდაპირ აისახება ბიზნესზე, მისი განვითარების პერსპექტივაზე. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, საკუთარი პოზიციის თაობაზე საჯაროდ განვაცხადო:

„გუდვილი“, პირველი ქართული ჰიპერმარკეტი, ის კომპანიაა, რომელსაც 2000-ზე მეტი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული და მწარედ ახსოვს წარსულ წლებში საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო მთელი თავისი ნეგატიური შედეგებით. ბიზნესისა და მთავრობის მაშინდელი ხედვები რადიკალურად იყო ერთმანეთს აცილებული და ანგრევდა ბიზნესს. ყველა ის მანკიერება, რაც მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებაში არსებობდა, პირდაპირ და სრულად აისახა „გუდვილზე“…

შეუძლებლად მიმაჩნია, ბიზნესმა დაივიწყოს ის შვება, რაც ხელისუფლების ცვლამ და შესაბამისად მიდგომების შეცვლამ გამოიწვია. რომ არა მაშინდელი, ისტორიული ცვლილებები, რომლის შემოქმედიც საქართველოს ხალხია, ძნელი სათქმელია, სადამდე გაუძლებდა ბიზნესი და საკუთრივ „გუდვილი“ თავს დამტყდარ წნეხს და ტერორს.

სწორედ სამართლიანი და სტაბილური ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებამ მოგვცა საშუალება, რომ კომპანია წინა წლებში ხელოვნურად თავსმოხვეული პრობლემებიდან გამოსვლის გზაზე დაგვეყენებინა და სადღეისოდ მოგვეხერხებინა არა მარტო ფინანსური სირთულეების დაძლევა და ვალდებულებებთან გამკლავება, არამედ განვითარება და ამით ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება. ,, გუდვილმა,, შექმნა საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ უნდა დაძლიოს დიდი კრიზისი ბიზნესმა.

რთულია იმაზე ფიქრიც კი, რომ შესაძლებელია წარსულში დაბრუნების რისკის დაშვება. ეს ბიზნესისთვის, შესაბამისად საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება და დაშვებული შეცდომის გასწორებას შესაძლოა ბევრი ათწლეულიც არ ეყოს.
მე, როგორც საკმაოდ ბევრ ჭირ-ვარამ გამოვლილი ბიზნესმენი, რომელმაც თავზე იწვნია უსამართლო სახელმწიფო მანქანის დაწოლის მთელი სიმძიმე, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს საზოგადოება მისთვის შესაფერი ღირსებით და გადაწყვეტილებით, ამჯერადაც სწორად განსაზღვრავს მთავარს და არამთავარს და მიიღებს იმ ერთადერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ ისტორიულ ეტაპზე საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას სჭირდება!

იმედს გამოვთქვამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებასთან ერთად დასრულდება ვნებათაღელვა , ხელოვნურად შექმნილი არასტაბილურობის განცდა და ყველა ერთად თავიდან ავიცილებთ საზოგადოების პოლარიზებას. ხელისუფლებასაც და ბიზნესსაც მიეცემა საშუალება იზრუნოს მხოლოდ განვითარებაზე”- აცხადებს გოგი შევარდანაძე.

banner
წინა სტატიაშიევროპის ლიდერებმა ისაუბრეს ვაშაძის მხარდასაჭერად… სად არის ზურაბიშვილი?
შემდეგი სტატია„ყველა მინისტრს, მათ შორის ბატონ გახარიას აქვს სრული უფლება, რომ ის იყო საარჩევნო პროცესში ჩართული”