გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაცია სრულდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაციას ასრულებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის დროს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტებიც გამოვლინდა, რომლებიც შენახულია და სამომავლოდ კონკრეტულ შენობაში განთავსდება.

„გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მომდევნო დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა გავაკეთეთ და როგორი გამოვიდა ეს მოედანი თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ასევე, რეაბილიტაციის დროს, როდესაც სარდაფების გაწმენდა მიმდინარეობდა, აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები და არტეფაქტები. ეს ყველაფერი ამჟამად თბილისის განვითარების ფონდში ინახება და სამომავლოდ, კონკრეტულ შენობაში განთავსდება. ისტორიული ნაშთების ნაწილი ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ნაწილიც გრძელდება და საბოლოოდ, 30 შენობა. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლია. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოები გრძელდება და მიმდებარე ქუჩები, სახლები, შენობა-ნაგებობები სრულად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაში„თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება
შემდეგი სტატიაკრამონი – ევროკავშირს არ აქვს არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში