გუდაურის საბაგიროზე საერთაშორისო კომპანიამ ძირითადი მოკვლევა დაასრულა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „საძელეს“ საბაგიროზე საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
„საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა, გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნის მოსამზადებლად იწყებენ მუშაობას.
კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ „საძელეს“ საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.
შეგახსენებთ, რომ „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.
16 მარტს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ სწორედ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლები მოიწვია, რომლებმაც საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის“ წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმედღიანი, დეტალური მოკვლევა განახორციელეს.
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურს დღეს დატოვებენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაში“რაც ჩვენ ვიხილეთ უმრავლესობის მხრიდან გუშინ, პრაქტიკულად იყო პირდაპირი წახალისება ძალადობის” – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : საქართველოში არსებობს ნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაძლიერდეს