გუბაზ სანიკიძე: “რახან ივანიშვილს ქუჩის აქციების ეშინია, ქუჩაში გავალთ”

სამშაბათს, 9 აპრილს ტელეკომპანია “იმედის”  ეთერში ქართული ოცნების~ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ინტერვიუ ხმაურიანი გამოვიდა. ივანიშვილმა ფარული ნაციონალები უწოდა ყოფილ პარტნიორებს -გია ხუხაშვილს, დავით უსუფაშვილს, გუბაზ სანიკიძესა და შალვა შავგულიძეს. უფრო მეტიც, შავგულიძე გირგვლიანის საქმის შეგნებულად არასწორი მიმართულებით წაყვანაში დაადანაშაულა, ხოლო მურუსიძე-ჩინჩალაძე ისევ მსხვერპლებად წარმოაჩინა.

"პოლიტიკიდან წასულ" ივანიშვილთან შეხვედრას არ გეგმავს“ახალი თაობა” ამ საკითხზე ივანიშვილის გზავნილების ერთ-ერთ მთავარ ადრესატს გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა, რომელსაც ივანიშვილის განცხადებების შეფასება ვთხოვეთ.

_ ივანიშვილმა ინტერვიუში თქვენც გახსენათ და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოგიხსენიათ. რა რეაქცია გქონდათ, როცა ეს მოისმინეთ?

_ როგორც ჩანს, თან ძველი მხარდამჭერი ვარ. უნდა ვკითხო, როდიდან ვარ ნაცმოძრაობასთან შეკრული. შერეული, ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი რეაქცია მაქვს. თან მეცინება და თან შეშფოთებული ვარ. იმიტომ, რომ ეს კაცი ფსიქიკურად უკვე ავად არის. სახიფათოა ქვეყნისთვის. ეს ადამიანი უკვე მთელ საქართველოს დაუპირისპირდა. გაანჩხლებულია. თუ ოდნავ განსხვავებულს ვიტყვით, მიშისტად მოგვიხსენიებს. ეტყობა, ცეკას დადგენილება მიიღეს “ქართულ ოცნებაში”, ვინც გააკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს, ის მიშისტად ჩაითვლება.

კიდევ ერთი რამე გავიგე გუშინ, რომ პირუტყვული შიში აქვს ქუჩის აქციების. გუშინ აბსოლუტურად ყველაფერი გამოაშკარავდა. ილაპარაკა, რისი შიში აქვს. ფაქტია, რომ 10 საათზე აღარ სძინავს. ისიც ფაქტია, რომ სერიალ `ჩემი ცოლის დაქალებს~ უყურებს და ნერვიულობს. იმიტომ, რომ თავის თავს ხედავს ბაქარ ორჯონიკიძეში. ჩვენ ხომ არ ჩაგვითვლია ასე, თავად თქვა.

ლაპარაკობს, მდარე ხარისხის ქართული სერიალები გადისო და რომელი გადის? მხოლოდ ერთი გადის _ ჩემი ცოლის დაქალები. იმას უყურებს, როგორც ჩანს. ჩემს გამოსვლებს უყურებს ყველას. ვერაფერი ვერ მოიფიქრა. ორჯერ ტროლებით იერიში მოიტანა ჩემზე, შეტევა იმაზე, რომ მიშისტი ვარ, მაგრამ აღარ ყოფნის ეს და უკვე თავად დაიწყო ლაპარაკი.

შალვა შავგულიძე თურმე გირგვლიანის საქმეს აფუჭებდა და მურუსიძეს თურმე ჭეშმარიტების დადგენა უნდოდა და შავგულიძემ ხელი შეუშალა.

_ ხუხაშვილსა და უსუფაშვილზეც ილაპარაკა.

_ საქმე ის კი არ არის, ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს, არამედ ჩვენ რას ვფიქრობთ. როგორ გავუშვათ ივანიშვილი ისე, რომ ქვეყანა არ დააქციოს. ცხადია, რომ ის ხელისუფლების დათმობას არ აპირებს არჩევნების გზით. თუ არჩევნებით არ აპირებს, მაშინ ის უნდა მოვუწყოთ, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. გავუშვათ უკეთეს შემთხვევაში სახლში და უარეს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. გიჟია უკვე.

_ შევეცადოთ, რომ მაინც შევინარჩუნოთ კორექტულობა.

_ რატომ? ადამიანის სულიერ დაავადებაში რა არის?! ჭკვიანი ადამიანი ლაპარაკობდა გუშინ, გონებადამჯდარი ადამიანი ლაპარაკობდა?! კაცი ჩემზე რომ იტყვის მიშისტიაო, ეს ნორმალურია? ამას ამბობს კაცი, რომელიც 8 წელი აფინანსებდა სააკაშვილს. სამკურნალოა, გეუბნებით.

_ აპირებთ, რომ რისი შიშიც აქვს მას, ის გამოიყენოთ და გახვიდეთ ქუჩაში?

_ აბა რას ვიზამ. გავიგე, რომ ეშინია ქუჩის აქციების, გადასარევი ამბავია. მე კიდევ, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს ქუჩაში. სხვამ იკითხოს, კაბინეტებში რომ არიან შეკეტილები.

გუშინ თავის ჭკუაში მთელ სამყაროს გადაუარა. ახლა მთელი სამყარო გადაუვლის მას. მივაჩერდებით, როგორ დააქცევს ამ ქვეყანას და როგორ ჩააბარებს ამ ქვეყანას?! ცხოველური შიშებით შეპყრობილი კაცია.

_ შეშინებული, პირიქით, მიხეილ სააკაშვილს უწოდა.

_ რა ვიცი, რაც უნდათ ის უწოდონ ერთმანეთს. ჩემი თვალებით რასაც ვხედავ და ჩემი ყურებით რასაც აღვიქვამ, იმას გეუბნებით. ბიძინა არის შიში ვითარცა უხორცო, გიორგი პირველია. უშიშარია. ახლა სერიალებს დაიწყებს, საქართველოს ისტორიაზე გადაიღებს ფილმს, მაგალითად, 301-ე. 301-ე იცით რატომ? 300 არაგველი კი არ იყო 301 იყო, უბრალოდ, ერთი მძიმედ დაიჭრა და გადარჩა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. გადაიღებს დიდგორის ბრძოლას, სადაც ის 200 მხედარში იქნება. ქუჯი ერისთავზე და ფარნავაზზე ფილმს, სადაც მესამე პირად ეგ ზის. ეგ ხომ თავმდაბალი კაცია და ისტორიაში თავი ინკოგნიტოდ დატოვა. დავით აღმაშენებელს გიორგი ჭყონდიდელი კი არ ზრდიდა, არამედ ბიძინა ივანიშვილი. ამ ფილმებს გადაიღებს. მაგისთვის ფული აქვს, რეჟისორები არ აკლია. რასაც შეუკვეთავს, იმას გადაიღებენ. არაკორექტულია ჩემი საუბარი?!

_ ვცდილობ, რომ მაინც რაღაცნაირად ეთიკის ნორმებში იყოს ინტერვიუ.

_ ჩვენ ვეცადოთ, ეს ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ გარეკილი კაცისგან. ამაზე ვიზრუნოთ. ჩემი აზრი კი აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ თქვენი, თქვენ რას ფიქრობთ.

_ ეს რა პოლიტიკაა, როდესაც ქვეყნის მმართველები ყველას მტრად აცხადებდნენ, ვინც მათ უპირისპირდებიან. ივანიშვილმა არა თუ ძველი პარტნიორები, არამედ ბესელია და მისი პარტნიორებიც კი ნაცმოძრაობასთან გააიგივა.

_ ყველაფერს პასუხი ეცემა. რა შეკითხვებიც დამისვით და რაც შეიძლება დამისვათ, ყველაფერს პასუხი ეცემა ერთი პასუხით -ეს კაცი არის უკვე ფსიქიკურად აშლილი. ფსიქიკურად აშლილობის პირველი შედეგი არის ალოგიკური მსჯელობა. მიზეზ-შედეგობრიობას როცა ვეღარ აკავშირებს ადამიანი. შეიძლება დროებითი მოვლენაა, შეიძლება უკვე კლინიკაც არის. შეიძლება უმკურნალოს ვიღაცამ და გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს.

აქ უკვე ჟურნალისტებმა ფსიქიატრებს უნდა დაურეკოთ და არა პოლიტიკოსებს.

_ სალომე ზურაბიშვილზეც უნდა გკითხოთ. მას მოუვიდა იაღლიშები. რას იტყვით ამაზე?

_ არაფერი. ისინი არ არიან მართალი ქართველ ხალხთან და ამიტომ, ბუნებრივია, რომ შეცდომებს დაუშვებენ უკვე. 21-ვეს სახელს და გვარს ვერც ერთი ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ თამრიკო ჭოველიძე ამის სიმბოლო იყო. შეიძლება თქვენ პატარა ხართ და არ გახსოვთ, მაგრამ მაშინ ასე იყო. ერთ-ერთმა რუსმა დისიდენტმა დაწერა თამარ ჭოველიძეზე სიმღერა.

_ აქ კიდევ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ბოდიშის მოხდის მაგივრად, უცნაური განმარტება გააკეთა პრეზიდენტმა.

_ გამოვიდა გამოთაყვანებული ლაშა ჟვანია და ტექნიკური შეცდომა მოხდაო. ამ ქალს არ აქვს უნარი… პარანოიკები არიან ეგეც და ივანიშვილიც. პარანოიის ნიშანია, რომ არაფერში დამნაშავე არ ხარ. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც არც ბოდიშის მოხდის უნარი აქვს, არც სინანულის და არც მონანიების. ხომ შეიძლებოდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ მაპატიეთ, ხალხო, შეცდომა მომივიდაო.

_ შემდეგ დაწერა განმარტება სოციალურ ქსელში.

_ სოციალური ქსელი თავისთვის შეინახოს. არა სოციალურ ქსელში, არამედ იქვე უნდა მომხდარიყო. ზვიად გამსახურდიას რომ დაამხობ და 30 წლის შემდეგ იტყვი, რომ მართალი არ ვიყავი, ეგ აღარ ითვლება. სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი ტროლია.

_ ყველაზე საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელშიც არ მოუხდია ბოდიში და პირიქით, ვინც აკრიტიკებდა, ის ხალხი დაადანაშაულა და თქვა მიედ-მოედებითო. ეს რაზე მიანიშნებს?

_ ეს ორი ავადმყოფია _ ბიძინა და სალომე. ეს ორი ფსიქიკურად დაავადებული ქვეყნისთვის სახიფათოა. არაკორექტული კი არა, ქეჩოში უნდა მოჰკიდო ხელი. იმიტომ, რომ ქვეყანაზეა ლაპარაკი. ჩვენს საერთო საცხოვრებელზე, ჩვენსა და ჩვენი შვილების სამშობლოზე, ჩვენი წინაპრების საფლავებზე. პოლიტიკა აღარ არის, დამთავრდა უკვე. ქვეყანას მართავს სულიერად დაავადებული გიჟი. მორჩა და გათავდა. გიჟი იჯდა გუშინ სტუდიაში.

ჟურნალისტიც ხომ ვიცით, როგორი “პრინციპულია”. ბიძინას ჩვეულებრივი მონაა, მაგრამ ისიც გაკვირვებული ისმენდა, რასაც ივანიშვილი ამბობდა. ადამიანი რომ იტყვის, შალვა შავგულიძემ გააფუჭა გირგვლიანის საქმე და მურუსიძეს უნდოდა სამართალიო, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?! საკამათოდ გვაქვს რამე?

_ ამ თემაზე ნამდვილად არ ვკამათობ.

_ მორჩა და გათავდა, ე. ი. ერთ ბანაკში ვართ.

 

იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

 

https://youtu.be/oZ_JLlGuXiQ

 

banner
წინა სტატიაშიიან ვალეტოვი:დავიბანო ხელები და მეორე ტურში ხმა მივცე ზელენსკის
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში “ნაციონალი მოძრაობის” ლიდერები დააკავეს