გუბაზ სანიკიძე: ბიძინა ხელი არ წაგიცდეს და ვიღაცა არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ იქნება უმართავი პროცესები…

„გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის პოლიციელებს არ დამუქრებია, არამედ „გააფრთხილა”. გუბაზ სანიკიძის თქმით, მას პატრულთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, „პატრული პირნათლად მუშაობს”. ამის შესახებ სანიკიძემ TV პირველის ეთერში თქვა.

„რა ვთქვი გაუგებარი? თუ ხელისუფლება გადავა ტერორზე, დაიწყებს ხალხის ხოცვას, აბა როგორ იქნება?! გაფრთხილება გავაკეთე, ეს არ იყო მუქარა. მოდით, ლოგიკას გავყვეთ. ჩემ დაძახებაზე ის ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა თოფით, თუ რა იქნება?! მე ვარ იმათი გამომყვანი? რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა თუ მოხდება, ავტორი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვის ხელისუფლება აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე. რამე ახალს ვიგონებ?..

თუ ხელისუფლება იწყებს ტერორს, თუ ხელისუფლება გადადის მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტაზე, მაშინ ხალხს რა რჩება? თუ პოლიცია არ იქცევა სწორად – პოლიცია არ არის მხარე? როცა ლაშა ჩხარტიშვილს იჭერს, მართლაც ღვთისნიერ ადამიანს, იშვიათად შემხვედრია ასეთი წესიერი ადამიანი, ლობიოს გადაყრის გულისთვის რომ იჭერ, როდესაც წაქცეულს ფეხებს ურტყამენ ძალათ ვაჟკაცი ბიჭები…

პოლიცია მხარე არ არის?! მე ყველას არ ვგულისხმობ. პატრულთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პატრული პირნათლად მუშაობს… როცა პოლიციაზე ვლაპარაკობ ამათზე ვლაპარაკობ. ეს ქართული პოლიციაა თუ ბიძინას პოლიციაა?! რამე გამოვიგონე თუ ბრმები ვარ ყველა? გაფრთხილებას ვაკეთებ და ვიმეორებ, ბიძინა ხელი არ წაგიცდეს და ვიღაცა არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ იქნება უმართავი პროცესები…. ეს არ არის მუქარა, ეს არის გაფრთხილება.

დღეს ხელისუფლების სათავეში არიან პოლიტიკურად ჭყინტი ხალხი, არ უნახავთ, არ გამოუცდიათ. მე და ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი ვნახეთ ამ ქვეყანაში. რა ტყვიაც ესროლეს საქართველოს, ყველა ტყვია მოხვდა ჩვენ და ჩვენ თაობას. ამიტომ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა და წინასწარ გაფრთხილებას ვაკეთებ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს – კონტრაქციები არის ხელისუფლების ბოლო სტადია”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძემ სამართალდამცველებს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მოუწოდა, რომ „ხალხის მხარეს დადგნენ“, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას“.

banner
წინა სტატიაშილალი ანთია: „სამეგრელოში ის ხალხია თანამდებობებზე, ვინც ივანიშვილის მხარდამჭერ აქციებს არბევდა“
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: მონებს, ყველგან და ყოველთვის, ისტორიის სანაგვეზე ელოდებიან!