
მისი თქმით, ბავშვები საზოგადოების ყველაზე დიდი სიმდიდრე და ქვეყნის მომავალი არიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულ მათგანს ჰქონდეს უსაფრთხო, მზრუნველი და განვითარების ხელშემწყობი გარემო.
„ბავშვის ღიმილი და ბედნიერება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარი მოტივაციაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს განვითარებას, რათა ჩვენს პატარებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები სწავლების, შემეცნებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის. მიხარია, რომ დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ასეთი ლამაზი, შემოქმედებითი და მხიარული გარემო დაგვხვდა, სადაც ბავშვები სიხარულით არიან ჩართული სხვადასხვა აქტივობაში,“- განაცხადა გუბაზ საჯაიამ “თაიმერთან” საუბარში.
მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას, რადგან მათი წარმატება და კეთილდღეობა საზოგადოების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საბავშვო ბაღებში კვების ხარისხის გაუმჯობესებას. განახლდა მენიუ, გაიზარდა ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტების წილი, რაც ჩვენი აღსაზრდელების ჯანმრთელობისა და სწორი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა არ სრულდება. წინ კიდევ ბევრი გეგმა და მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კვების სტანდარტები, ინფრასტრუქტურა და ის პირობები, რომლებიც ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და ჯანსაღ გარემოს შექმნის.
„ჩვენი ვალია ვიზრუნოთ იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა, განათლების მიღებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები. ვუსურვებ ყველა პატარას ჯანმრთელობას, სიხარულს, წარმატებებს და ბევრი ლამაზი ოცნების ახდენას,“- აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა.
ამ განსაკუთრებულ დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში გაიმართა კურიკულუმით გათვალისწინებული მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობები. პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ შემეცნებით, გასართობ და შემოქმედებით ღონისძიებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო მათი უნარების განვითარებას, პოზიტიური ემოციების გამოხატვასა და მეგობრული გარემოს შექმნას.
















