20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

გუბა საჯაია: ვითარება საკმაოდ რთულია-წალენჯიხაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

“თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ამ წუთებში ქალაღალში ვიმყოფები, სადაც ხიდ-ბოგირია წაღებული, რის გამოც ვითარება საკმაოდ რთულია. რაც შეეხება ამინდს, სინოპტიკოსები ნალექის შემცირებას ჯერჯერობით არ პროგნოზირებენ,-აცხადებს წალენჯიხის მერი გუბა საჯაია.

თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეული მოვიარეთ, რათა ზარალის მასშტაბები შეგვეფასებინა. უკვე შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია და შესაძლებლობის ფარგლებში ყველა დაზარალებულს ვეხმარებით. ბუნებრივია, დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.

ტაძრის მიმართულებით მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გზა ჩაიკეტა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს, რათა უახლოეს პერიოდში მოძრაობის აღდგენა მოხდეს.

ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, ეცნობიან არსებულ ვითარებას და აქტიურად მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ-გადაუღებლად წვიმს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ასევე, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ ადგილზე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ კოორდინირებულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამასთანავე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სპეციალური ჯგუფები, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის უსაფრთხოება, გზების გაწმენდა და დაზიანებულ უბნებთან დროული მისვლა,-აცხადებს წალენჯიხის მერი.

მუნიციპალიტეტი ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება, რათა სტიქიის შედეგების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა მოხდეს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსებიც იქნება მობილიზებული.

როგორც უკვე აღვნიშნე, შესაბამისი კომისია აქტიურად მუშაობს. მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულია ცხელი ხაზის ნომერი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა შეძლონ ჩვენთან დაკავშირება,“ — აცხადებს წალენჯიხის მერი გუბა საჯაია.

გუბა საჯაია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მდინარეებთან და მეწყერსაშიშ ზონებთან მიახლოებისგან.

მისივე თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვითარება მონიტორინგის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. ასევე, ყველა კრიტიკულ მონაკვეთზე გაძლიერებულია პატრულირება და მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სადაც იქნება სინანული, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები